18-10-2018
აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში სვეტლანა ქეცბას ხსოვნის საღამო გაიმართა.
საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სვეტლანა ქეცბას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაში ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საღამოზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია სიტყვით გამოვიდა, რომელმაც სვეტლანა ქეცბას დამსახურებაზე და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საქმეში მის წვლილზე ისაუბრა. გამომსვლელებმა აფხაზი ქალბატონის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. საღამო მუსიკალურად წმ. ქეთევან წამებულის ტაძრის მგალობელთა გუნდმა გააფორმა.
17 ოქტომბერს სვეტლანა ქეცბას 85 წელი შეუსრულდებოდა. მას სიცოცხლეშივე ღირსების და წმინდა გიორგის ოქროს ორდენები მიენიჭა, დაჯილდოებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით ქართული და აფხაზური კულტურის, მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილის, ორი მოძმე ხალხის ურთიერთობების, აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციისთვის.