გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გივი მიქანაძე: ვდგავართ რეალობის წინაშე, როდესაც სხვა ქვეყნებში უფრო მკაცრი კანონები განიხილება, როგორც მათი უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება საქართველოსაც სჭირდება

27-06-2024

​ქვეყნის სუვერენიტეტისა და სტაბილურობის დასაცავად, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებლობა აშკარა გახდა მრავალი შემთხვევის გამო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


„საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ჩვენ განვიხილავთ საქართველოში ვითარებას. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა რამდენიმე საკითხს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ცხარე დებატები და წარმოშვა სადავო პოზიციები. ქვეყნის სუვერენიტეტისა და სტაბილურობის დასაცავად, არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის აუცილებლობა აშკარა გახდა მრავალი შემთხვევის გამო. მათ შორის მაგალითად, როდესაც ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა ყალბი მონაცემები საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის მონაცემებთან დაკავშირებით. ეს დეზინფორმაცია გახდა საფუძველი შედეგების გაუქმების მოთხოვნით დემონსტრაციებისთვის. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აღიარა, რომ მათი პარალელური დათვლის შედეგები სინამდვილეში შეესაბამებოდა ოფიციალურ ციფრებს.


მეორე ფართოდ გახმაურებული შემთხვევა უკავშირდებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რომელზეც საქართველოს 2022 წელს უსამართლოდ უთხრეს უარი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინ მოაწყვეს პროტესტი, დაადანაშაულეს მთავრობა და მოითხოვეს მისი გადადგომა. ამ პროცესმა ცხადყო, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გასცდა ნეიტრალიტეტის ზღვარს და ჩაერთო პოლიტიკაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.


მისივე თქმით, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაცია გამოიყენებოდნენ ოპოზიციური პარტიების არაპირდაპირი დაფინანსებისთვის.


„განსაკუთრებით, ბოლო წლებში, როდესაც ოპოზიციურმა პარტიებმა დააარსეს რამდენიმე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებმაც მიიღეს დიდი ოდენობით დაფინანსება. არასამთავრობო სექტორი საქართველოში ყველაზე არაგამჭვირვალე გახდა, როგორც ეს ნათქვამი იყო ანგარიშში Money Val 2020. შესაბამისად, მიღებულ იქნა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რომელიც მოითხოვს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისგან, წელიწადში ერთხელ დაადეკლარირონ მიღებული დაფინანსება, თუ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება, რომელიც მათი სახსრების 20%-ს აღემატება. იმის გამო, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ასეთი გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყო, გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რაც შემდგომ ძალადობაში გადაიზარდა. რაც შეეხება პოლიციის ქმედებებს, ის კანონმდებლობის შესაბამისად იყო და რიგ შემთხვევებში პოლიციელები დაშავდნენ.


რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი საგამოძიებო სააგენტო აწარმოებს გამოძიებას ძალის შესაძლო გადამეტების საკითხზე და ყველა ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით გადაეცემა წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს.


კანონის პირველი მუხლი აძლევს გარანტიას არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომ კანონი არ დააზარალებს და არ შეაფერხებს მათ საქმიანობას. კანონით შემოღებული ერთადერთი სანქცია ჯარიმაა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კანონის მომხრეა.


ამჟამად ჩვენ ვდგავართ რეალობის წინაშე, სადაც მსგავსი და კიდევ უფრო მკაცრი კანონები სხვა ქვეყნებში განიხილება როგორც ამ ქვეყნების უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. თუმცა ეს პირიქითაა საქართველოს შემთხვევაში, რომელსაც ასევე სასწრაფოდ სჭირდება გლობალურ საფრთხეებზე რეაგირება, სუვერენიტეტის დაცვა.


დღეს ჩვენ განვიხილავთ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ეხება გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. საინტერესოა, რომ ეს კანონი ჯერ არც კი შესულა ძალაში და ივლისის ბოლომდე არ ამოქმედდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილავთ და ვაპირებთ რეზოლუციის მიღებას კანონმდებლობის შესახებ ისე, რომ არ ველოდებით კანონის შედეგებს. ანალოგიური სიტუაციაა ლგბტქ+ საკითხზე პროპაგანდის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ პირველ მოსმენას გადის და სექტემბრის ბოლოს იქნება მიღებული“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.


ამასთან, რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობას, მიქანაძის თქმით, კომისიის 17 წევრიდან მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი წევრი წარმოადგენს, ხოლო ცესკოში რვა ოპოზიციონერი და რვა ნეიტრალური წევრია.


„არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გავუგზავნით მიწვევას არჩევნებზე დასაკვირვებლად. შესაბამისად, მივესალმებით სადამკვირვებლო მისიას. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ საქართველო რჩება ევროპის საბჭოს პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და მიისწრაფვის რეფორმებისა და დისკუსიის გაგრძელებისკენ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.