გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება

28-06-2024

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის ეტაპობრივი გახსნის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ეტაპობრივი გახსნის მოდელის შერჩევა იმ გარემოებებითაც იყო ნაკარნახევი, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება და ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება. ლევან დავითაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა პროცესში ჩართულ მხარეებთან, დაიწყო როგორც მიმწოდებლების, ისე მომხმარებლების მომზადება და ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული ელექტროენერგიის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით.


„ბირჟის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები და უფრო მეტად ვიქნებით მზად მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. აღნიშნული რეფორმა კომპლექსურია და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს. ამდენად, ჩვენ ვიქნებით ფრთხილი ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას, რათა საბოლოო შედეგმა ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, გაზარდოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


შეხვედრაზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირაკლი გალდავამ წარადგინა პრეზენტაცია ბაზრის გარდამავალ მოდელთან დაკავშირებით, სადაც ყურადღება გაამახვილა ახალ შესაძლებლობებზე და განმარტა გარდამავალ მოდელში ვაჭრობის ძირითადი პრინციპები.


აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. აქედან გამომდინარე, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გარდამავალი მოდელის ფარგლებში, საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის გაანგარიშება ყოველთვიურად მოხდება.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე და თავის მხრივ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე" გადასვლას.


პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრის მონაწილე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა წარადგინეს თავისი ხედვები ბირჟის გარდამავალი მოდელის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ისეთი მექანიზმების დანერგვის მნიშვნელობას, რომელიც გაზრდის ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაციას. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად განიხილოს ცვლილებების შესაძლებლობები ბაზრის გარდამავალ მოდელში.