გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოსო არჩვაძე: ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას

28-06-2024

„ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას, რაც გამოიხატება მონეტარული განაკვეთის შემცირებაში, ინფლაციის შედარებით დაბალ ტემპსა და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპში, უმუშევრობის დონის საგრძნობ შემცირებაში,“- წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე ეკონომიკურ ზრდის შესახებ.


ეკონომისტის თქმით, სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციაც, რის ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორს წარმოადგენს დღე-ღამეში წუთების რაოდენობისა და შესაბამის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული უცხოური ტრაილერების ფაქტობრივად რაოდენობრივი თანხვედრა.


არჩვაძის შეფასებით, ყოველივე ეს ქმნის საქართველოს ეკონომიკის დინამიკური განვითარების პოზიტიური და შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფის, მისი გლობალურ ეკონომიკაში უფრო მასშტაბურ, წონად და აქტიურ სუბიექტად ჩართვის მყარ და ობიექტურ საფუძველს.


„2024 წლის მაისში გრძელდებოდა საქართველოს ეკონომიკის დამაჯერებელი ზრდა - საქართველოს ეროვნული პროდუქტი 2024 წლის მაისში გაიზარდა 9.2 პროცენტით და პანდემიამდელი 2019 წლის მაისის მაჩვენებელს 44.9 პროცენტით გადააჭარბა. - ეს სამჯერ და მეტად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას (+14.2%) და მნიშვნელოვნად უსწრებს აშშ-სა (+3.8%) და ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებლებს. ამჟამად ყოველი მილიარდი ლარის დამატებული ღირებულების წარმოებას საქართველოში შესადარ ფასებში მხოლოდ 7 დღე სჭირდება (შედარებისთვის: 2012 წ. – 7 დღე, 2000 წ. – 25 დღე).


მაისში წინა წლის მაისთან ინფლაციამ 2.0 პროცენტი შეადგინა, ამასთან, მისი ¾ განპირობებული იყო იმპორტირებული ნავთობის ფასის გაძვირებით (2024 წლის მაისში ერთი გალონი ნავთობის ფასი წინა წლის მაისთან შედარებით გაიზარდა 11.1 პროცენტით, იმავე პერიოდში ლარის აშშ დოლართან 7.2-პროცენტიანი დაცემის პირობებში, რის გამოც აღნიშნული ფაქტორების კუმულატიურმა ნეგატიურმა ეფექტმა 19 პროცენტს გადააჭარბა). მიუხედავად ამისა, ინფლაცია საქართველოში მაისში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა აშშ-სა და ევროკავშირის შესაბამის მაჩვენებლებს (ინფლაცია 2024 წლის მაისში 2023 წლის მაისთან: აშშ - 3.3%, EU27 – 2.6%%).


სამომხმარებლო ფასების დონე ძირითადად ინარჩუნებდა სტაბილურობას. 305 დასახელების საქონელ-წარმომადგენლიდან, საიდანაც იანგარიშება სამომხმარებლო ფასების ინდექსი (ინფლაცია), 2024 წლის მაისში წინა წლის მაისთან შედარებით ფასების დონე შემცირდა 137 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე. - ეს 1.5-ჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (ფასები 2023 წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით შემცირდა მხოლოდ 91 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე).


ფასების სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია ხელსაყრელ პირობებს ქმნის მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და კეთილდღეობის ზრდისთვის. - მხოლოდ 2024 წლის პირველ კვარტალში 1.5 პროცენტზე დაბალი წლიური ინფლაციის ფონზე ეროვნულ მეურნეობაში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ნომინალურად 13.2 პროცენტით, ხოლო რეალურ განზომილებაში - არანაკლებ 11.0 პროცენტით გაიზარდა.


იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ერთ წელიწადში თითქმის 90.0 ათასით გაიზარდა, საშუალო ხელფასის და დაქირავებით დასაქმებულთა მატების მხოლოდ კუმულატიურმა ეფექტმა წელზე გადაანგარიშებით 240 მლნ. ლარს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 12 ათასი საშუალო შინამეურნეობის წლიური შემოსავლის ეკვივალენტურია. მაისში ყოველდღიურად ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობამ 203 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა თვის ბრუნვამ - 12.8 მლრდ. ლარი (+10.7%) შეადგინა.


რეალურ სექტორთან ერთად ეკონომიკის ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს საგარეო სექტორსაც. ამასთან, მაისში, მიუხედავად ექსპორტის შემცირებისა წინა წლის მაისთან შედარებით (-5.6%) მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით მაისში გაიზარდა: ექსპორტი - 16.8%-ით, ადგილობრივი ექსპორტი - 12.1%-ით და რეექსპორტი - 21.0%-ით. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მაისში აპრილთან შედარებით შემცირდა ისეთი „ტრადიციული“ საექსპორტო პროდუქციის ექსპორტი, როგორიცაა ყურძნის ნატურალური ღვინოები (-28.8 მლნ. აშშ დოლარი), მოიმატა მსუბუქი ავტომობილების (რე)ექსპორტმა (+30.2 მლნ. აშშ დოლარი).


ამასთან, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტზე მოდის მთლიანი ექსპორტის 31.9 პროცენტი და რეექსპორტის 56.9 პროცენტი. 5-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებიდან ექსპორტის ხაზით ხუთივე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა (ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი, სომხეთი), იმპორტის ხაზით - მხოლოდ ერთი (რუსეთის ფედერაცია), მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით კი - 2 (რუსეთის ფედერაცია და აზერბაიჯანი). ამასთან, შეინიშნება ასიმეტრია როგორც ექსპორტ-იმპორტის მხრივ, ისე აღნიშნული პოზიციების მხრივ, ერთი მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებისა და მეორე მხრივ - დსთ-ის ქვეყნებს შორის: ევროკავშირზე მოდის საქართველოს ექსპორტის მხოლოდ 8.4%, მაშინ როდესაც დსთ-ის ქვეყნებზე - 7.5-ჯერ მეტი - 63.0%; იმპორტის მოცულობა ევროკავშირიდან დსთ-დან განხორციელებულ იმპორტს თითქმის 1.3-ჯერ უსწრებს (შესაბამისად, 24.2% და 19.1%); მთლიანი სავაჭრო ბრუნვით დსთ-ის ქვეყნები ევროკავშირის მაჩვენებელს 1.6-ჯერ უსწრებენ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 33.2 პროცენტი მოდის „დიდ სამეულზე“, რომლებიც არ მიეკუთვნებიან არც ევროკავშირს და არც დსთ-ს (თურქეთი, ჩინეთი, აშშ). უცხოეთიდან საქართველოში ფულადმა გზავნილებმა მაისში 284.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაისის მხოლოდ 72.9 პროცენტია.


შემცირება განპირობებულია რუსეთიდან განხორციელებული ტრანზაქციების მნიშვნელოვანი კლებით (მაისში წინა წლის მაისთან შედარებით გზავნილები რუსეთიდან შემცირდა 109.6 მლნ. აშშ დოლარით - თითქმის 3.3-ჯერ). ამასთან, დანარჩენი მსოფლიოდან (რუსეთის გარდა) ტრანზაქციები განაგრძობს ზრდას და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა.


აღნიშნულის გამო რუსეთის წილი განაგრძობს შემცირებას საქართველოში განხორციელებულ ფულად ტრანზაქციებში: 2024 წლის მაისში ერთი წლის წინანდელთან შედარებით იგი შემცირდა 40.4%-დან 16.9%-მდე, მათ შორის წმინდა ტრანზაქციებში - 42.9%-დან 17.5%-მდე. აღსანიშნავია, რომ მაისში რუსეთმა დაკარგა საქართველოში ფულადი ტრანზაქციების განმახორციელებელი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორის სტატუსი. - ტრანზაქციების აბსოლუტური მოცულობით მას გადაუსწრო იტალიამ, ხოლო წმინდა ტრანზაქციებით - აგრეთვე საბერძნეთმაც. ამასთან, საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციებით 10 უმსხვილესი კონტრიბუტორიდან 6 - ევროპული სახელმწიფოა, რომელთა წილად მოდის საქართველოში განხორციელებული მთელი ტრანზაქციების 37.9 პროცენტი.


ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას, რაც გამოიხატება მონეტარული განაკვეთის შემცირებაში, ინფლაციის შედარებით დაბალ ტემპსა და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპში, უმუშევრობის დონის საგრძნობ შემცირებაში. სულ უფრო მკაფიო კონტურებს იძენს საქართველოს სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციაც, რის ერთ-ერთ საგულისხმო ინდიკატორს წარმოადგენს დღე-ღამეში წუთების რაოდენობისა (1440) და შესაბამის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული უცხოური ტრაილერების ფაქტობრივად რაოდენობრივი თანხვედრა. ყოველივე ეს ქმნის საქართველოს ეკონომიკის დინამიკური განვითარების პოზიტიური და შეუქცევადი პროცესის უზრუნველყოფის, მისი გლობალურ ეკონომიკაში უფრო მასშტაბურ, წონად და აქტიურ სუბიექტად ჩართვის მყარ და ობიექტურ საფუძველს,“ - წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.