გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: მთლიანობაში წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეასრულა, ამხელა ცვლილებაა წინა და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის

28-06-2024

ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის დამაკავშირებელი - სატრანზიტო ფუნქციის განვითარება; ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა ამ კუთხით საკმაოდ დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ფუნქციის განვითარებისკენ იქნება მიმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.


„პირველ რიგში შევეხები ავტომაგისტრალებს, რომლებიც შენდება მათ შორის წელს 8 თებერვალს წარმოდგენილი გეგმის შესაბამისად. უკანასკნელი 4,5 თვის განმავლობაში გაიხსნა მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთები. რიკოთზე უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი; აპრილში გავხსენით ზესტაფონის შემოვლითი გზა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი; დასკვნით ფაზაშია ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, უკვე გაჭრილია ხუთივე გვირაბი და აშენებულია 20 ხიდი. ასევე, გაიჭრა კობი-ქვეშეთის უნიკალური გვირაბი, რომელიც აპრილში გაიხსნა. ეს არის 9-კილომეტრიანი, ყველაზე გრძელი გვირაბი. საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბი დღემდე იყო რიკოთის გვირაბი, რომლის სიგრძე 2 კმ-ზე ნაკლებია. ახლა, პირველად საქართველოში გაიჭრა 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თავისი შინაარსით. პრაქტიკულად განახევრდება მგზავრობის მანძილი ყაზბეგამდე, რასაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სხვა მონაკვეთებზეც არის მნიშვნელოვანი პროგრესი. ბაკურციხე-წნორის შემოვლით გზა, მთლიანობაში გზის მონაკვეთი 16,6 კმ-ია. აქედან ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია 13 კმ-ზე. სრულდება უკვე შესაბამისი სამუშაოები გზის მთლიან მონაკვეთზე. ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი მონაკვეთების დასასრულებლად. ბაღდათი-აბასთუმნის გზაზე სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაკვეთზე, საფარი უკვე მოწყობილია 36 კმ-ზე. მოწყობის სამუშაოები გრძელდება 14 კმ-ზე. წელს შესრულდება დაპირება, რომელიც გაცემულია საზოგადოების წინაშე და მთლიანობაში წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეასრულა. ხედავთ, რამხელა ცვლილებაა წინა ხელისუფლების და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე მთავრობა წარადგენს ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც დაკავშირებული იქნება ავტომაგისტრალების შემდგომ განვითარებასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს გაწეული სამუშაოსთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.