28-06-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, სისტემაში რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც ემსახურებოდა ფუნქციების უკეთ გამიჯვნას, ასევე გაძლიერდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა.
„თბილისისა და რუსთავის შემდეგ, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი დაინერგა ბათუმის საქალაქო სამმართველოში. დანიშნულია 400-მდე მართლწესრიგის ოფიცერი და მომავალშიც იგეგმება ამ ინსტიტუტის გაფართოება. სასაზღვრო პოლიციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო საზღვრის დაცვის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების გაუმჯობესების, ნატოსთან თანამშრომლობის, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, სასაზღვრო სექტორების აღჭურვისა და მესაზღვრეების გადამზადების კუთხით. კონკრეტულად, აშენდა 9 სასაზღვრო პოსტი; სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 9 სასაზღვრო სექტორსა და 13 სასაზღვრო პოსტს; სასაზღვრო სექტორები აღიჭურვა თანამედროვე საზღვრის დაცვისა და საკომუნიკაციო საშუალებებით. განახლდა მესაზღვრეების შეიარაღება. მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა სანაპირო დაცვის განვითარების კუთხით. სასაზღვრო პოლიციის მიერ გამოვლენილ დანაშაულთა რიცხვი გაზრდილია 24%-ით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, გაგრძელდა საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით. ცენტრი უკვე ფუნქციონირებს თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში და სამომავლოდ, ეტაპობრივად საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო კონცეფციის იმპლემენტაციაზე. ანალიტიკური ქსელი გაფართოვდა ქვეყნის მასშტაბით, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები დაკომპლექტდა 94 ანალიტიკოსით. საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ვიდეომეთვალყურეობის ერთიან ქსელში ჩაირთო 674 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა და 158 ნომრის ამომცნობი ე.წ. „ჭკვიანი" ვიდეოკამერა. ამოქმედდა 129 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 333 კმ-ს. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, ვიდეომეთვალყურეობის ქსელში ჩართულია 7 500-ზე მეტი ვიდეოკამერა, ამოქმედებულია 584 სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 2 000 კმ-ზე მეტ საგზაო მონაკვეთებს", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანად მართვის კუთხით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„განხორციელდა კახეთის რეგიონში სამი ერთეული რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები; ბათუმში მოეწყო ოპერატიული მართვის ცენტრი; კასპში აშენდა ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა; განხორციელდა 2 სტაციონარული კოშკურის სამშენებლო სამუშაოები. განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადავუხადო მათი არაერთი გმირობისთვის. სამწუხაროდ, წელსაც გვქონდა რამდენიმე მძიმე სტიქიური მოვლენა და აქაც კიდევ ერთხელ ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა გამოავლინეს განსაკუთრებული გმირობა. ასევე ამ საანგარიშო პერიოდს უკავშირდებოდა შოვის ტრაგედია, სტიქია, სადაც მოგეხსენებათ, როგორი იყო მეხანძრე-მაშველების როლი იმ პროცესებში, რომელიც გამოვიარეთ. მადლობა მათ, სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ მეხანძრე-მაშველს მათი საქმიანობისა და მოღვაწეობისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.