7-12-2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1976 წელს დაბადებული გ.გ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ტ., ქურდობის ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ტელევიზორი და ელექტროხერხი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან 3 საათში, მცხეთაში დააკავეს, ხოლო ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ექვსიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.