2-07-2024
„ოპოზიცია იმდენს იზამს, რომ თუკი ვინმე მხარდამჭერი ჰყავს ფეხბურთელებში, იმასაც კი გაანაწყენებს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, რომ ხალხი ფეხბურთითაც კი დაეყო და დაეპირისპირებინა, ეს ყველაფერი კი პოლიტიკური ქულებისთვის გამოეყენებინა, მაგრამ, ხალხმა ოპოზიციის ბინძური ზრახვები დაინახა და ამაზე პასუხს მათ არჩევნებზე გასცემს.
„ამ დღეებში მთელი ერი ხარობდა და რადიკალები მაინც პოლიტიკურ შინაარსს ეძებდნენ, თუმცა, მცდელობების მიუხედავად, ფეხბურთელებისა და მათი გულშემატკივრების ნაცებად და ქოცებად დაყოფა ვერ შეძლეს. ვნახეთ, რა ამბავი ატეხეს ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით და როგორ უნდოდათ მას ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ დასაფასებელია ბუდუს განცხადება, რომლითაც გუნდურობა და მწვრთნელის მიმართ პატივისცემა შეინარჩუნა.
დღესაც, როცა ნაკრები საქართველოში დაბრუნდა, რადიკალებმა ამის სათავისოდ გამოყენება სცადეს და თქვეს, რომ ხელისუფლებამ ფეხბურთელები ქომაგებს დაუმალა. რამდენი სისულელე უნდა მოვისმინოთ უკვე ოპოზიციისგან? დაიღალა ხალხი მათი ბოდვების სმენით. სირცხვილია უკვე.
ხელისუფლებას ან მმართველი პარტიის მხარდამჭერებს ამ სამი საფეხბურთო კვირის განმავლობაში სათავისოდ არაფერი უთქვამთ, რადიკალური ოპოზიცია კი ცდილობდა, რომ ხალხი ფეხბურთითაც კი დაეყო და დაეპირისპირებინა და ეს ყველაფერი პოლიტიკური ქულებისთვის გამოეყენებინა. მაგრამ, ხალხმა ოპოზიციის ბინძური ზრახვები დაინახა და ეს კარგია, რადგან ამაზე პასუხს მათ ოქტომბერში, არჩევნებზე გასცემენ“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.