4-07-2024
„ევროკავშირის მხრიდან უსამართლობის, ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესის ბლოკირებისა და მოლაპარაკებების შეჩერების მორიგი მსხვერპლი, სავარაუდოდ, მონტენეგრო გახდება. მიზეზი იდენტურია – საკუთარი ქვეყნის ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვა, რაც ევროკავშირის ამჟამინდელ „ფასეულობებთან” შეუთავსებელია.” – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო აღნიშნულ შტურმს უძლებს და საინტერესოა, იმავეს მონტენეგრო მოახერხებს თუ არა.
„მონტენეგროს პარლამენტის მიერ მიღებულმა რეზოლუციამ „იასენოვაცში გენოციდის შესახებ”, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტურ რეჟიმთან კოლაბორაციაში მყოფი ხორვატების მიერ მოწყობილი საკონცენტრაციო ბანაკის ტრაგიკულ ისტორიას ასახავს, ბრიუსელის „აღშფოთებული შეშფოთება” გამოიწვია. შარლ მიშელმა სასწრაფოდ გააუქმა პოდგორიცაში 2-3 ივლისისთვის დაგეგმილი თავისი ვიზიტი. ამის ნაცვლად ბრიუსელის „ტატამზე” გამოიძახეს მონტენეგროს პრეზიდენტი იაკოვ მილატოვიჩი.
ევროკავშირის გაღიზიანების დამატებითი ფაქტორი 12 ივლისისთვის პოდგორიცაში ჩასატარებლად დანიშნული „სრულიად სერბეთის კრება” გახდა. ჩვენ არაერთგზის განვიხილეთ ევროკავშირის ზოგადი კრიზისის პირობებში მონტენეგროზე სერბეთის მიერ მზარდი დადებითი ზეგავლენა, რაც უკიდურესად და „შეშფოთებულად აღაშფოთებს” დღევანდელ ბრიუსელს.
შარლ მიშელის ვიზიტი საბოლოოდ დამტკიცდა 28 ივნისს „ევროკავშირ – მონტენეგროს სამთავრობოთაშორისო კონფერენციის ფარგლებში”, სადაც პოდგორიცამ ბრიუსელისაგან ევროინტეგრაციის პირობების (IBAR) შესრულებაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, რამაც მონტენეგროს EU-ში გაწევრიანება 2028 წლისთვის რეალური გახადა. სწორედ ამ სასიხარულო ამბის გასაჟღერებლად, „კეთილმაუწყებელის” მისიით უნდა ჩამოსულიყო შარლ მიშელი.
ხორვატიის მუქარამ, რომ აღნიშნული რეზოლუციის მიღება უარყოფითად იმოქმედებდა მონტენეგროს ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე, გაჭრა. ბრიუსელი დაეთანხმა ზაგრების არგუმენტებს, რომ მონტენეგრომ აღნიშნული რეზოლუცია მიიღო სერბეთის „ზეწოლით” და მოქმედებაში მოიყვანეს სტიგმა: “არა სერბულ რეზოლუციას!”.
ევროკავშირის მხრიდან ამ სხვადასხვა ქვეყნების სუვერენიტეტებთან ბრძოლის, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ და აპრობირებულ მეთოდებს, არანაირი გაკვირვება აღარ უნდა გამოეწვია ჩვენში. ერთ შემთხვევაში, ბრიუსელისა და „გლობალური ომის პარტიის” გაღიზიანების მიზეზს სერბეთი წარმოადგენს, ჩვენს შემთხვევაში – არარსებული რუსეთისა თუ არსებული ჩინეთის ფაქტორი. ჩვენ ამ შტურმს ვუძლებთ. ვნახოთ, გაუძლებს თუ არა მონტენეგრო.” – წერს დავით ქართველიშვილი.