11-07-2024
„მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებული გლობალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა“, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის ამ გლობალური საზომით საქართველომ გადაუსწრო საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს.
მისივე თქმით, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ხდება არასწორი აქცენტების გადატანა, შინ თუ გარეთ გარკვეული ძალების მხრიდან, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის ტრანსფორმაციის წარმატებულ ხასიათს,- კეთილდღეობის დონით საქართველოს მაჩვენებელი 24%-ით აღემატება უკრაინის და 30%-ით მოლდოვის მაჩვენებლებსაც.
“მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული მთლიანი ეროვნული შემოსავლების განახლებული გლობალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს, 23 040 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდა.
ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა ფაქტი, რომ კეთილდღეობის ამ გლობალური საზომით საქართველომ გადაუსწრო საშუალო მსოფლიო მაჩვენებელს და აგრეთვე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების დონეს.
ეს მიღწევა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბოლოს, მსოფლიო დონეს საქართველო საბჭოთა კავშირის დროს 1990 წელს უსწრებდა, როცა ქვეყნის ნომინალური მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე 5840 საერთაშორისო დოლარს გაუთანაბრდა, მსოფლიო მაჩვენებელი კი 5%-ით ნაკლები, 5541 დოლარი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი მკვეთრად შემცირდა და ერთ სულზე მუდმივად ჩამორჩებოდა, როგორც მსოფლიო დონეს, ისე მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს. შედარებისთვის, 2012 წელს საქართველოს მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მხოლოდ 9960 დოლარი იყო, მსოფლიო მაჩვენებელი მას 41%-ით აღემატებოდა, 2023 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პირველად 185 დოლარით გადაუსწრო მსოფლიო დონეს, 225 დოლარით გადააჭარბა მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად მაჩვენებელს და ახალი ისტორიული მაქსიმუმი, ერთ სულზე 23 040 დოლარი დააფიქსირა, რაც ბოლო 3 წელიწადში მაღალი ეკონომიკური ზრდის ეფექტის შედეგია.
ამასთან, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე ხდება არასწორი აქცენტების გადატანა, შინ თუ გარეთ გარკვეული ძალების მხრიდან, ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის ტრანსფორმაციის წარმატებულ ხასიათს, საქართველო არა თუ ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში, რომლის ნომინალური მსყიდველუნარიანი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე მსოფლიოს და მაღალ-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების ზოგად დონეებს აჭარბებს, არამედ კეთილდღეობის დონით საქართველოს მაჩვენებელი 24%-ით აღემატება უკრაინის და 30%-ით მოლდოვის მაჩვენებლებსაც.
თუ 2021-2022 წლების შედარებით მაღალი ზრდის გამოკვეთილი ფაქტორი ადგილობრივი მოხმარების უცხოური ფინანსური ნაკადებით დაფინანსება იყო, მიმდინარე წელს ეკონომიკის გაფართოების მაღალი ტემპი, მნიშვნელოვანწილად ადგილობრივი მოხმარების ზრდას უკავშირდება. კერძოდ, შინამეურნეობების რეალური მოხმარება 21.8% -ით გაიზარდა, რაც ასევე ადგილობრივი ფინანსური ნაკადების(საბანკო სისტემის მიერ დაკრედიტების ტემპის) მკვეთრ 24 %-იან ზრდაშია ასახული.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, პირველი 6 თვის მიხედვით ეკონომიკა 9.3 %-ით არის გაზრდილი, რაც წლის დასაწყისში არსებულ პროგნოზებს თითქმის ორჯერ აღემატება.
აქვე შევნიშნავ, რომ სსფ-ის მიხედვით კონსერვატორული პროგნოზითაც კი 2024 წელს ეს მაჩვენებელი $25,248-ზე მეტი იქნება, 2029 წლისთვის ანუ, სავარაუდოდ, ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდისათვის $35,642-ს გადააჭარბებს”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.