გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრია, ჩვენი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან იმისთვის, რომ მას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები

11-07-2024

საქართველო ნატო-ს ოჯახის წევრია, ჩვენი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან იმისთვის, რომ მას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.


მინისტრმა ნატო-ს სამიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში, სადაც ის ყველა მაღალი დონის ფორმატით გათვალისწინებულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, შესაძლებლობა ჰქონდა კოლეგებთან ორმხრივ ფორმატებში ესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე და ზოგადად, გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებზე.


„დასრულდა ნატო-ს საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში, რომელიც, ვფიქრობ იყო ძალიან შედეგიანი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ძალიან ძლიერი ერთიანობა. საუბარი იქნა გამართული იმ გამოწვევებზე, რომელსაც დღეს მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით აწყდება და შესაბამისად, იყო ძალიან სიღრმისეული განხილვები, როგორ უნდა მოხდეს ერთობით და იმის დემონსტრირებით, რომ როგორც წევრი, ისე პარტიორი ქვეყნები ერთად ცდილობენ ამ გამოწვევების დაძლევას. იყო ძალიან საინტერესო განხილვები.


საქართველო ამ ოჯახის წევრია, საქართველოს მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, რომ საქართველო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან იმისთვის, რომ მას ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები და პროგრესი ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო პარტნიორების მოწვევა ვაშინგტონში და მათ შორის საქართველოს ყოფნა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად.


ასევე, მქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც გაიმართა სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის მოწვევით, მიმეღო მონაწილეობა, სადაც რა თქმა უნდა, მქონდა ასევე შესაძლებლობა კოლეგებთან ორმხრივ ფორმატებში მესაუბრა სხვადასხვა საკითხებზე, ორმხრივ ურთიერთობებზე და ზოგადად, გლობალური მნიშვნელობის გამოწვევებზე",- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან, ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, ნატო-ს კომუნიკეში კი საქართველოს კომპონენტი უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მოხვედრილი.
„საიუბილეო სამიტი გამოირჩევა სხვა დანარჩენი სამიტებისგან. ყოველთვის უფრო დატვირთულია გლობალური პოლიტიკური გზავნილებით, და შესაბამისად, ყველაფერი ვერ მოხვდებოდა ამ დოკუმენტში. საქართველოს კომპონენტი არის უსაფრთხოების თვალსაზრისით მოხვედრილი. ჩვენ მადლობელი ვართ ალიანსის და ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველთვის დგას ალიანსის დღის წესრიგში, ეს ასევე გამოიხატა ამ დოკუმენტში. დოკუმენტში ცალსახად არის მოწოდება საქართველოს დეოკუპაციის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიანსის ძალიან ძლიერი და კონსოლიდირებული მხარდაჭერა თავის დადებით ეფექტს მოიტანს ამ მიმართულებით",- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


მინისტრის თქმით, საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, უამრავი გამოწვევა აქვს და ხელისუფლება ცდილობს, აქტიურად მოახდინოს საერთაშორისო პარტნიორების კოორდინაცია და მობილიზება.


„ჩვენ მუხლჩაუხრელად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მიუხედავად პერიოდულად არსებული გამოწვევებისა და ეს ნორმალურია, ყველა ქვეყანას აქვს პერიოდულად სხვადასხვა დონის და მასშტაბის გამოწვევები, საქართველოც არ არის გამონაკლისი, ჩვენ ოკუპირებული ქვეყანა ვართ, გვაქვს უამრავი გამოწვევა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ გამოწვევების ფონზე, ძალიან აქტიურად მოვახდინოთ კოორდინაცია და მობილიზება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და გვაქვს ძალიან ძლიერი კომუნიკაცია ამ მიმართულებით პარტნიორებთან, პარტნიორები მხარს გვიჭერენ, ესმით ჩვენი გამოწვევების და აკეთებენ ყველაფერს რომ ჩვენთან ერთად, ამ მიმართულებით გადადგან კონკრეტული ნაბიჯები",- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.