22-10-2018
მცხეთაში „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, ფონდი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ფონდის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების დონის ცენტრის შექმნა, სადაც ბენეფიციარები სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.
ამასთან, ცენტრი აღჭურვილი იქნება უახლესი მოწყობილობებით, სენსორული ოთახებით, სხვადასხვა სახის თერაპიისთვის საჭირო ინვენტარით. ამასთან, დაკომპლექტდება პროფესიონალი კადრებისაგან, რაც საშუალებას მისცემს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს, შეექმნათ ყველანაირი პირობა ზრდისა და განვითარებისთვის. ასევე, ცენტრის ბაზაზე დაარსდება სატრენინგო სკოლა, სადაც შესაბამისი დარგის პროფესიონალები უზრუნველყოფენ ახალი სპეციალისტების მომზადების პროცესს.
სარეაბილიტაციო ცენტრი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე ქვეყნის მასშტაბით 230 ბენეფიციარს სრულიად უფასოდ მოემსახურება.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.