გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი წარუდგინა

24-07-2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი გიორგი ხუბუა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა ახალ რექტორს უნივერსიტეტის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, გიორგი ხუბუა დიდი შემართებითა და მდიდარი გამოცდილებით წარუძღვება უნივერსიტეტს, რათა KIU გახდეს წამყვანი და ლიდერი საგანმანათლებლო დაწესებულება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში, რისი საფუძველიც უნივერსიტეტს უკვე აქვს.


თავის მხრივ, ახლად დანიშნულმა რექტორმა მადლობა გადაუხადა მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის გამოცხადებისა და მხარდაჭერისთვის.


შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა და რექტორმა დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის განვითარების ზოგადი ხედვა და უმაღლესი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმები გააცნეს.


როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტია, თავისი კონცეფციით, შინაარსითა და მოცულობით.


მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს უპრეცედენტო ქველმოქმედებისთვის. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.


აღსანიშნავია, რომ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.


გიორგი ხუბუა, საქართველოს გარდა, საქმიანობდა გერმანიისა და შვეიცარიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მათ შორის, ბერლინის შტაინბაისის, ბამბერგის, იენას, ბერნის, ჰანოვერისა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე, მაქს-პლანკის ინსტიტუტსა და სახელმწიფო მართვის გერმანულ უნივერსიტეტში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი მოღვაწეობა ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტში, სადაც პრეზიდენტი გახლდათ, ხოლო მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გიორგი ხუბუა უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და მენეჯმენტის კოორდინატორისა და გეოპოლიტიკის მიმართულების სამეცნიერო ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა.


KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. KIU თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან) და მისი საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი.