22-10-2018
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ "სოფლის ნობათს"-იგივე ოზურგეთის აგრარულ ბაზარს სასამართლო პროცესი მოუგო - მოსამართლე ნანა ჯოხაძემ გადაწყვეტილება ამ წუთებში გამოაცხადა.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ნანა ჯოხაძე) დავაზე "სოფლის ნობათი" ოზურგეთის მერიის წინააღმდეგ - გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ოზურგეთის მერიის მიერ "სოფლის ნობათის" დაჯარიმება მოსაკრებელის გადაუხდელობის გამო ძალაში დარჩა და მასვე დააკისრა ადმინისტრაციული ხარჯები.
სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაავალდებულა ოზურგეთის აგრარული ბაზარი შეასრულოს ოზურგეთის მერიის გამკარგულებები, კერძოდ დადგენილი წესებით გადაიხადოს დასუფთავების გადასახადი და ამ მიმართებით ითანამშრომლოს ა(ა)იპ "ოზურგეთის დასუფთავების ცენტრთან".
ცნობისათვის: შპს "სოფლის ნობათმა", რომელიც ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის დროს, გახდა ოზურგეთის აგრარული ბაზრის მფლობელი, უარი განაცხადა ა(ა)იპ "ოზურგეთის დასუფთავების ცენტრთან" თანამშრომლობაზე და ასევე არ გადაიხადა ამისათვის ოზურგეთის მერიის მიერ დაკისრებული 500 ლარიანი ჯარიმა.
შპს "სოფლის ნობათის" მეპატრონე, ოზურგეთის ყოფილი მერის, ბეგლარ სიორიძის სიძე, ზურაბ გობრონიძეა, რომელიც ცნობილი მიმდინარე წლის დასაწყისში მომხდარი სკანდალით გახდა, როცა ოზურგეთის ვიცე მერს, ალეკო სურგულაძეს, ოფიციალურ წერილზე ოფიციალურად - "იდი ნახუი" - უპასუხა.