გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ეროვნული ბანკი სესხებისა და დეპოზიტების ივნისის ტენდენციებს აქვეყნებს

25-07-2024

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ინტერაქტიულ პრესრელიზებს 2024 წლის ივნისის მდგომარეობით აქვეყნებს.


სესხების მიმდინარე ტენდენციები:


კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 966.17 მლნ ლარით (1.71%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.67%-ით გაიზარდა) და ივნისის ბოლოს 57.34 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 785.90 მლნ ლარით (2.56%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 180.28 მლნ ლარით (0.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.60%-ით).


რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.21%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.05%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით მეტი).


2024 წლის ივნისის განმავლობაში 1.31%-ით, ანუ 382.81 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 29.52 მლრდ ლარი შეადგინა.


2024 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.83 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.45 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით).


დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები:


საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივნისის ბოლოსათვის 54.83 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.85 მლრდ ლარით, ანუ 3.49%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.36%-ით მეტი). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 885.53 მლნ ლარით, ანუ 3.84%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.69%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 965.10 მლნ ლარით, ანუ 3.23%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.10%-ით).


დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ივნისის ბოლოსათვის 50.95 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.74 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.80 პროცენტული პუნქტით).

ივნისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.83% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.02%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.91%.


უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.90%, ხოლო ევროს წილმა 20.47% შეადგინა.


დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება სების ვებგვერდზე: nbg.gov.ge.