გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გორის მე-5 სკოლის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ქარელი, რომელიც რესურსცენტრიდან დარღვევების გამო გაათავისუფლეს

23-10-2018

დღეს, გორის მე-5 სკოლის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ქარელი, რომელიც 2016 წელს, განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის  დასკვნის საფუძველზე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ..ქართული ოცნების" მხარდამჭერი ქარელი სკოლაში დღეს მივიდა.

 

ბრძანებას განათლების სამინისტროში ხელი უკვე მოაწერეს. მის დანიშვნას ადასტურებს გორის რესურცენტრის ამჟამინდელი უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

ზურაბ ქარელი და განათლების სისტემა

 

ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად 2013-2016 წლებში მუშაობდა. შიდა აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2016 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა, იგი არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა, თანაც განმეორებითი სახის დარღვევებს.

 

,,ვინაიდან ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რიგ მათგანს სისტემური/განმეორებითი ხასიათი აქვს და თანხების რაიციონალური ხარჯვის პრინციპს არღვევს, მიუთითებს იმაზე, რომ რესურსცენტრის უფროსი ვერ უზრუნველყოფს რესურსცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისობისა და სათანადო ხელმძღვანელობას" - აღნიშნულია დასკვნაში.

 

შესწავლის საფუძველი კონკრეტული განცხადება გახდა. დასკვნა 33 გვერდიანია და მოიცავს, როგორც ხელფასების, პრემიების, ტენდერების საკითხებს, ასევე, რესურსცენტრის უფროსის მხრიდან სხვადასხვა საკითხებზე შესულ საჩივრებზე რეაგირებას.

 

ბრძანება გათავისუფლების შესახებ ზურაბ ქარელს 2016 წლის 4 ნოემბერს ჩააბარეს. სოციალურ ქსელში 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დამთავრების მეორე დღეს ზურაბ ქარელმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის განცხადებები გააკეთა:

 

 

 

ნიქოზის სკოლის ამბავი

 

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის 15 იანვარს რესურსცენტს მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვით, ნიქოზის საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, ადგილი აქვს სხვადასხვა სახის დარღვევებს, მათ შორის, ვეტერანის მოწმობის გაყალბების ფაქტს და სკოლაში ფიქტიური მოსწავლეების არსებობას.

 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, რესურსცენტრის უფროსმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირება არ მოახდინა, ხოლო განმცხადებელს მხოლოდ ერთი წინადადებებით მიმართა. გორის მაშინდელ გამგებელს პაპუნა კობერიძეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მიემართა.

 

რესურსცენტრის დებულების მიხედვით, ზურაბ ქარელი ვალდებული იყო საკითხი შეესწავლა და, მხოლოდ, ამის შემდეგ ეცნობებინა პოზიცია განმცხადებლისთვის. განათლების სამინისტროს სპეციალისტებმა საკითხის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია რესურსცენტრში ვერ მოიძიეს.

 

ირკვევა, რომ ამავე ნიქოზის სკოლაში სხვადასხვა ნორმატიული აქტების დარღვევით 2015 წლის ივლისში რამდენიმე მოსწავლე ექსტერნის ფორმით გამოცდებზე დაუშვეს.

 

ექსტერნი არის პირი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა საგანმანათლებლო პროგრამები, რის გამოც ეძლევა შესაძლებლობა შუალედური და სახელმწიფო ატესტაცია სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში გაიაროს.

 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ რეგისტრაციისას დოკუმენტებს თან არ ახლავს მოსწავლეების კანონიერი წარმომადგენლის საბუთები, ასევე, არეულია რეგისტრაციის თარიღები, ერთერთი განცხადება ხელმოწერის გარეშეა; არ არის მითითებული მოსწავლეების ძირითადი მონაცემები. რესურსცენტრის უფროსი ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ გაპარულია ტექნიკური შეცდომები რეგისტრაციის დროს. ბრძანებების თარიღები არ მოდის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასთან და ა.შ..

 

ანაზღაურების მიღება შვებულებაში ყოფნის დროს

 

2014 წლის აგვისტოს თვეში სამსახურის უფროსი შვებულებაში 14 დღით გავიდა, მის მოვალეობას უფროსი სპეციალისტი ასრულებდა, თუმცა, სახელფასო ანაზღაურება სრულად სამსახურის უფროსმა აიღო. სპეციალისტს კი,  დამატებითი ანაზღაურება არ აუღია.

 

აუდიტის სამსახურთან საუბარში ზურაბ ქარელი ამბობს, რომ შვებულების დროს, ის სამსახურში დადიოდა ერთი ორი საათით, შესაბამისად, სრული განაკვეთის თანხა ამიტომ აიღო. თუმცა, რესურსცენტრის თანამშრომლებმა ვერ დაადასტურეს დოკუმენტებით, თუ რის საფუძველზე მოხდა ხელფასების გაცემა არამართლზომიერად.

 

2015 წლის აპრილში პრემიები გაცემულია ორ პირზე, რომლებიც შტატგარეშედ მუშაობდნენ. ამის თაობაზე მინისტრისგან თანხმობა გაცემული არ ყოფილა. ხოლო გარკვეული პერიოდის მანძილზე ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ და სახელფასო ანაზღაურება მიიღეს.

 

სადავო ბეჭედი

 

აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მტკიცებით, 2014-2015 წლებში მოშლილია ინვენტარიზაციის სისტემა, საინვენტარიზაციო აღწერები პასუხისმგებელი პირის მიერ არაა ხელმოწერილი.

 

აღწერილობის დასრულებისას მატერიალურად პასუხისმგებელ პირისგან ხელწერილი ჩამორთმეული არაა იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაცია მისი თანდასწრებით განხორციელდა და პრეტენზია არა აქვს.

 

დოკუმენტებში ძირითადი აქტივები სრული დასახელებებით არაა შეტანილი; ვერ მოიძებნა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს ჩამოწერილი ბეჭედი რესურსცენტრის ბალანსზე ირიცხებოდა.

 

შესყიდვები

 

აუდიტის დასკვნით, 2014 წლიდან მოყოლებული რესურსცენტრში ტენდერების ჩატარების წესები დარღვეული იყო.

 

,,ვინაიდან, რიგ შემთხვევებში, რესურსცენტრის შესყიდვების წლიურ გეგმაში არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი ცალკეული მომსახურების შესაძენად, აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი შედგენა განხორციელებულია კონკრეტული შესყიდვის აუცილებლობის, საჭიროებისა და სავარაუდო ღირებულების სრულად განსაზღვრის გარეშე'' - განმარტა აუდიტმა. ამ განმარტების შემდეგ ქარელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გაათავისუფლა.

 

ორი წლის შემდეგ, 2018 წლის 22 ოქტომბერს, ზურაბ ქარელს,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დაბადების დღეს ულოცავს და ნიშნავს მე-5 სკოლის დირექტორად.

 

,,ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ზურაბ ქარელის მხრიდან ადგილი აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაცდომას, რაც გამოიხატა მის სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობასა და არაჯეროვან შესრულებაში" - ასკვნიდა აუდიტი.


qartli.ge