23-10-2018
გაზეთს სახელწოდებით, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ ასპინძაში ზურაბიშვილის საარჩევნო აგიტაციისთვის ავრცელებენ. მის ჩანართში კი ასპინძის მერიის მიერ განხორციელებეული პროექტების შესახებ წერია. იურისტები ამას ირიბი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად აფასებენ.
წინასაარჩევნოდ, ასპინძაში მოსახლეობას, მუნიციპალიტეტის მერიის პირველი პირები და ზურაბიშვილის შტაბის წევრები, სარეკლამო გაზეთებს ურიგებენ. გაზეთში მთავრობის მხარდაჭერილი კანდიდატის ზურაბიშვილის შესახებ ხელისუფლების პირველი პირების მოსაზრებები, ასევე „ოცნების“ მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ წერია. ბოლო გვერდზე სალომე ზურაბიშვილის ფოტო, საარჩევნო სლოგანი და ნომერი, პირველ გვერდზე კი ბიძინა ივანიშვილის ფოტო და ასევე, „ოცნების“ პარტიული ლოგოა გამოტანილი.
გაზეთში დევს ჩანართი, რომელსაც ზედ ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი აქვს. აქ ასპინძის მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებული პროექტების შესახებ წერია. გაზეთის დამკვეთი კი რომლითაც ეს ჩანართი ვცელდება, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფია.
ერთ–ერთი შეხვედრა, რომელზეც ეს გაზეთები დაარიგეს 21 ოქტომბერს სოფელ საროში გაიმართა.
„არ წამიკითხავს რა წერია შიგ, ჩამოდის თბილისიდან და ჩვენი აქტივისტები არიგებენ მოსახლეობაში“, – გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველძემ.
რაც შეეხება ერთ გამოცემაზე ერთად დატანილ პარტიულ ლოგოსა და ზურაბიშვილის ფოტოს, მაგრაქველიძე ამბობს, რომ ეს პრობლემა არ არის: „პარტია ღიად უჭერს მხარს კანდიდატს და ეს ყველაფერიც ამის ნიშანია, ასპინძის მერია აქ არაფერ შუაშია, უბრალოდ ამომრჩევლისთვის ამით იმის ჩვენება გვინდა, თუ რა გააკეთა წლების განმავლობაში ჩვენმა გუნდმა“.
გაზეთის ასეთი სახით დაბეჭდვაში ირიბად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ხედავს „ახალგაზრდა იურისრთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი. მისი თქმით, ამ საკითხით აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს: „უნდა გამოიკვლიოს, ერთი ის თუ ვისი ფულით ბეჭდავს კანდიდატი გაზეთებს და მეორე იხარჯება თუ არა ამაში ასპინძის მერიის ბიუჯეტიც, რადგან მისი პროექტების შესახებაც არის ინფორმაცია ჩანართში“.
ბებიაშვილის მოსაზრებას იზიარებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე: „შესაძლოა, დამკვეთი მითითებული სხვა იყოს გაზეთზე და რეალურად მის დასაბეჭდად ფულს სხვა იხდიდეს. ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება“.
იურისტების თქმით, ასპინძის მუნიციპალიტეტი არაა ერთადერთი, სადაც ზურაბიშვილის პროგრამა ასეთი ფორმით ვრცელდება. მსგავსი ფაქტები საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ხდება.