1-08-2024
2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა ამ თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, მხარდაჭერა და დაფინანსება, ხელს უწყობს აღნიშნული დარგის განვითარებას.
„მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის მონაცემები რომელიც გვქონდა ჩვენ 2012 წელს და რამხელა იყო ზრდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წელს გადამუშავდა სულ 52 000 ტონა ყურძენი, ხოლო 2023 წელს გადამუშავებული ყურძნის მოსავალმა შეადგინა 221 000 ტონაზე მეტი, გვაქვს ძალიან დიდი ზრდა ამ თვალსაზრისით.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2012 წელს მევენახეობის შემოსავალი ჯამურად შეადგენდა დაახლოებით 50 მლნ ლარს, 2023 წელს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 306 მლნ ლარამდე, წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.
კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემებით, რომელიც განხორციელდა 2014-2023 წლებში, დღეისათვის ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით გაორმაგებულია. მევენახეების მიერ რეგიონებში გაშენებულია 50 000 ჰა-მდე ახალი ვენახი, ესეც არის მე ვფიქრობ ძალიან სერიოზული წინსვლა ამ დარგში. 2012 წელს რეგისტრირებული იყო სულ 40 კომპანია, რომელიც აწარმოებდა ღვინოს ჩვენს ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით, რეგისტრირებული კომპანიები - საშუალო და მცირე მარნების რაოდენობა 3000-ს აღწევს, აქედან 500-მდე მწარმოებელი ღვინის ექსპორტსაც ახორციელებს.
ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა შარშან, მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 260 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო, მაშინ როცა 2012 წელს ანალოგიური მაჩვენებელი იყო 71 მლნ დოლარი. აქაც გვაქვს მრავალჯერადი ზრდა.
ძალიან დიდი მხარდაჭერა ხორციელდება სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტის ქვეკომპონენტის ფარგლებში. ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებზე ბანკების მიერ გაცემულია 886 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 653 სესხი, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენდა 58 მლნ ლარს. ასეთი ტიპის პროგრამები, მხარდაჭერა, დაფინანსება, ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას სამინისტროსა და პირადად მინისტრს აღნიშნული ღონისძიებებისთვის,"- აღნიშნა პრემიერმა.