23-10-2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში რამდენიმე მოსწავლეს ,,აბიტურის საათები“ დაუნიშნეს. ამის მიზეზი საატესტატო გამოცდების წარუმატებლად ჩაბარება გახდა. სკოლის დირექტორის, მარინა მჭედლიძის თქმით, პრობლემა განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში გამოიკვეთა.
,,მეთორმეტე კლასის საათობრივ ბადეში გათვალისწინებულია ე.წ. „აბიტურის საათები“ იმ საგნებისთვის, რომელშიც ბარდება სკოლის გამოსაშვები გამოცდა. აღნიშნული „საათის’’ მიზანია, ხელი შეუწყოს კონკრეტულ საგანში ნასწავლი მასალის გამეორებას.“ - წერია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
,,ჩვენი სკოლიდან 9 მოსწავლემ ვერ ჩააბარა ქიმია, ასევე, ფიზიკაშიც ვერ ჩააბარა გამოცდა 9 მოსწავლემ. უმრავლესობამ ვინც ქიმია ვერ ჩააბარა, ვერ ჩააბარა - ფიზიკაც. სხვაობა მხოლოდ ერთი მოსწავლეა. მიზეზი, ჩემი აზრით, არის გაცდენები, რადგან მოსწავლეთა დაინტერესება ამ საგნებში ნაკლებია. ბავშვები უფრო გართობისკენ იხრებიან“ - აღნიშნავს მარინა მჭედლიძე.
სკოლაში მოსწავლეები 6 სოფლიდან დადიან. ეს სოფლებია: ქვემო და ზემო შავშვები, ნაწრეტი, დევნილთა დასახლება, ნადარბაზევი და წითელუბანი. წითელუბანი გამყოფ ხაზთან მდებარეობს.
,,ტრანსპორტირების კუთხით, მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. სკოლას ორი მიკროავტობუსი ემსახურება. განაწილებულია საათობრივად. ამ ტრანსპორტს, ნაწრეტელბის გარდა, ყველა სხვა სოფლებში მცხოვრები ბავშვები იყენებენ.“ - განმარტავს მარინა მჭედლიძე.
ჩვენს კითხვაზე, ,,აბიტურის საათების“ დანიშვნა შორ მანძილზე მოსწავლეთა მიმოსვლას უკავშირდება თუ არა, სკოლის დირექტორი განმარტავს, რომ ეს ტრანსპორტის მიმოსვლაზე არაა დამოკიდებული:
,,თუ მშობელს აქვს ან ექნება პრეტენზია მისი შვილის აკადმიურ მოსწრებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს აღრიცხვის დოკუმენტები, ჟურნალები და შეუძლიათ მათ ამ ინფორმაციას ნებისმიერ დროს გაეცნონ“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.