5-08-2024
წელს გათხრები განახლდა ციხის დასავლეთ უბანზე ადრებიზანტიური ეპოქის ნაგებობის შესწავლის მიზნით. ნაგებობის, რომლის კედლები კერამიკული ფილებისა და კარგად დამუშავებული საშუალო და დიდი ზომის ბაზალტის ქვების კომბინირებით არის ნაგები. აღნიშნული კედელი, ფაქტობრივად, დასრულდა ციხის გალავნის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთთან. გაირკვა, რომ ამ უბანზე, როგორც გალავნის, ისე ნაგებობის კედელი, სავარაუდოდ, ციხეში მიმდინარე საბრძოლო თუ სხვა მოვლენების შედეგად არის დაზიანებული. ნაგებობის სიგრძე და ფორპოსტებით გამაგრებული კედელი საფუძველს გვაძლევს გამოვთქვათ ვარაუდი, რომ კედელი ციხის ყაზარმის შენობის ნაწილი იყო. ნაგებობის შიდა სივრცეში, კედლის გაყოლებით, დიდი რაოდენობით ამფორები (მთლიანი ნიმუშები და ფრაგმენტები) და საყოფაცხოვრებო კერამიკაა დაფიქსირებული, რაც ნაგებობას ადრებიზანტიური ხანით ათარიღებს. მიმდინარე წელს დასრულდა ციხის წლის სადინარების 2 ახალი ტოტის (კოლექტორის) შესწავლა, რომლებიც ციხის დასავლეთი ფერდის მხარეს არის მიმართული. კოლექტორი მოგვიანო ეპოქაშია მოწყობილი. სამწუხაროდ, ციხეში მოხმარებული წყლის (წვიმის წყლის ჩათვლით)ციხის გარეთ გადაღვრის მიზნით, არხის მშენებლებს ადრებიზანტიური კედელი შვიდ ადგილას გაუჭრიათ და დაუზიანებიათ.
“2024 წლის გათხრები პეტრას ციხეზე საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა. დაზუსტდა ადრებიზანტიური კედლის ცალკეული პარამეტრები, დასრულდა გვიანი შუასაუკუნეების წყლის სადინართა სისტემის შესწავლა. პეტრას ციხის არქეოლოგიური მონაპოვარი შეივსო ახალი საინტერესო არტეფაქტებით. მომავალ წელს დაგეგმილია ახლადგამოვლენილი ადრებიზანტიური ეპოქის ნაგებობის შიდა სივრცის დეტალური შესწავლა. (ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი თავამაიშვილი)” –აცხადებენ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.