6-08-2024
საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისის აეროპორტი ივლისში 519,275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% - ით მეტია, ხოლო ბათუმის აეროპორტმა წინა წელთან შედარებით 48% - ით მეტი მგზავრი გადაიყვანა. ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც 2024 წლის 7 თვეში მილიონამდე მგზავრს მოემსახურენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, გაიზარდა როგორც სიხშირეები, ისე მიმართულებები ევროპისა და ყურის ქვეყნებიდან, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის რეკორდულ ზრდაზე აისახა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყველაზე მეტი ევროპული მიმართულებით ხდება ფრენების ოპერირება.
ქუთაისში 30-მდე მიმართულება გვაქვს ევროპული, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის დივერსიფიკაციაზე და ზრდის ევროპელი ტურისტების წილს ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა აქტივობის განხორციელებას კერძო სექტორთან ერთად, რაც უზრუნველვყოთ ჩვენი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების მდგრადობა," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოს მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს პარტნიორ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ საქართველოს ავიაბაზარზე შემოიყვანოს ახალი ავიაკომპანიები, გაიზარდოს ფრენის სიხშირეები იმ მიმართულებებზე, რომლებიც გამოირჩევა სტრატეგიულობით. მარიამ ქვრივიშვილმა დაასახელა ავსტრიის ავიახაზები, რომელიც ასრულებს ფრენებს ვენა - თბილისის მიმართულებით, ასევე ავიაკომპანია „ტრანსავია", რომელიც ასრულებს რეისებს ამსტერდამსა და თბილისს შორის.
მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა ზაფხულის ტურიზმის სექტორი საქართველოში და მას წარმატებული უწოდა. მისი თქმით, ქვეყანამ შემოსავლის სახით ტურიზმიდან ისტორიული მაქსიმუმი მიიღო, რაც 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით 1,9 მლრდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა.
„ეს მაჩვენებლები პირდაპირაა დაკავშირებული სამიზნე ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკასთან, რასაც საქართველოს მთავრობა აწარმოებს როგორც ტურიზმის, ისე სამოქალაქო ავიაციის სექტორებში. ჩვენ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს ვაწარმოებთ საერთაშორისო არეალზე ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.