7-08-2024
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება.
როგორც ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, პუტინისა და სააკაშვილის მხრიდან, ქვეყნის ჩამოშლისკენ მიმართული გეგმები სათავეს 2003 წლიდან იღებს.
მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ, ორივე დაინტერესებულმა მხარემ თავისი ჩანაფიქრების აღსრულებას მიაღწია.
„ყოველ წელს, 8 აგვისტოს წინა დღეს ვაქვეყნებ ამ პოსტს. ხვალ სხვა ემოციები იქნება, დაღუპული ბიჭების მემორიალის მონახულება, მათი უკვდავი სულების ეკლესიურად მოხსენიება და ქართულ სუფრაზე მათი ტრადიციული დღეგრძელობა. გვიახლოვდება 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო მოვლენების მორიგი წლისთავი და არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ „ხუთდღიანი“ ომის მიმართ კვლავინდებურად ძალაშია. ძალაშია ასევე კითხვები - როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება. პირადად მე, 2006 წლის შემოდგომიდან თავდაცვის სამინისტროში, შსს-ში მომუშავე იმდროინდელი მაღალჩინოსანი მეგობრებისგან მესმოდა - „მგონი იწყებს“, „ცხინვალზე აპირებს წასვლას“, „შეიძლება ერთდროულად ორ ფრონტზე...“ და ა.შ. 2007 წლიდან კი ამაზე უკვე ენას ვერ იჩერებდნენ ვერც ექსპრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებიც, რომლებთანაც ხშირი სამსახურებრივი კონტაქტები მქონდა. შიგნიდან ამ თემებზე ღია საუბრები, სულ რომ „სისულელე“ ყოფილიყო (თუმცა დრომ საწინააღმდეგო გვიჩვენა) - რომ არ გამოეპარებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს, რატომ გახდა აღმოჩენა? სწორედ იმის კონტექსტში, რომ თურმე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბს 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე შემუშავებული ჰქონდა „საქართველოს მხრიდან სავარაუდო სამხედრო აგრესიის შემთხვევაში კონტრმოქმედების გეგმა“. დღეს კი მე დარწმუნებული ვარ - რომ ეს გეგმა ერთობლივად შემუშავდა სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად. რუსეთს უნდა განეხორციელებინა საქართველოს ოკუპაცია (ნაწილის მაინც), განეთავსებინა აქ სამხედრო ბაზები და ა.შ. - და ამით შეეჩერებინა ნატოსკენ მიმავალი ჩვენი წინსვლა. სააკაშვილის კორპორაციას უნდა ჩამოეწერა „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ხაზით შემოსული და შეჭმული დიდი ოდენობით თანხა, ფორმულით - „ომი ყველაფერს ჩამოწერს“. შედეგად - ორივე მხარემ თავისთვის სასურველ მიზანს მიაღწია.
რუსეთმა მოახდინა ოკუპაცია და შეაჩერა (ბუქარესტის ნატოს სამიტის შემდგომ) საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წარმატებული მისწრაფება. სააკაშვილმა - ჩამოწერა არამიზნობრივად დახარჯული თანხები და შეუდგა საერთაშორისო დონორების მიერ გამოყოფილი 4.5 მილიარდის არამიზნობრივ ათვისებას. სწორედ ამ პროცესების შედეგად შეიქმნა ნაცსექტის ფინანსური პირამიდა, რომლის მეშვეობითაც დღემდე გრძელდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოშლის მცდელობა. იმ დროს, როდესაც გმირულად იღუპებოდნენ შინდისის ბიჭები, მღვდლებს ურიკებით გამოჰყავდათ ბრძოლის ველიდან ცხედრები - სამეგრელოს გუბერნატორი გოროზია რუსი გენერალ ჩაბანის მძღოლად მოგვევლინა და „ჩამოსაწერი“ ჩვენი სამხედრო ტექნიკის ფოთიდან დატვირთვა/ტრანსპორტირებას აკვირდებოდა. ხოლო აღმოსავლეთის „ფრონტზე" გენერალ ბორისოვის მომსახურე პერსონალს კახა ლომაია და ლადო ვარძელაშვილი წარმოადგენდა.
პუტინისა და სააკაშვილის ქვეყნის ჩამოშლისკენ მიმართული გეგმები სათავეს იწყებს 2003 წლიდან. მე მაგალითად, დღემდე ველოდები ამომწურავ პასუხს 2004 წლის ზაფხულის მოვლენებზე, რომლებსაც მოკლედ შეიძლება სააკაშვილ-ოქრუაშვილის წარუმატებელი „ბლიც-კრიგი“ დავარქვათ სამაჩაბლოს მიმართულებით, რომლის შედეგია იქ ადგილობრივ მცხოვრებლებში მოპოვებული ნდობისა და სამშვიდობო ინიციატივების ჩაფლავება და ადამიანური მსხვერპლის გაწევა, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე სამხედროების მხრიდან. შეიძლება თუ არა ის მოვლენები ქართული მხარის მიმართ უნდობლობის პირველ მერცხლად ჩაითვალოს და ეჭვის საბაბი გამხდარიყო მის დემილიტარიზებული სამშვიდობო ინიციატივებთან მიმართებით? პუტინმა მიიღო სახალხო დიპლომატიის ხაზით დადებითი პროცესების შეჩერება, სააკაშვილმა - ერგნეთის გარშემო „კონტრაბანდული პროცესები“ თავის კორპორაციას დაუქვემდებარა.
2006 წლის მოვლენებს, როდესაც კოდორის ხეობაში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის შედეგად, ხელისუფლებამ გვიპატაკა იქ კანონიერებისა და წესრიგის აღდგენის თაობაზე - გაეროს უშიშროების საბჭომ 13 ოქტომბრის № 1716 რეზოლუციით უპასუხა, სადაც ნათქვამია: „მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უზრუნველყოს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში ვითარების ნორმალიზება მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად, რათა გამოირიცხოს იქ ამ შეთანხმებით გაუთვალისწინებელი საჯარისო ფორმირებების ყოფნა“. ანუ, მიუხედავად ამ ოპერაციის „პოლიციური“ ხასიათისა, გაერომ ჩათვალა საჭიროდ თავისი შეწუხებული პოზიცია მაინც გამოეხატა. საინტერესო შეფასება მისცა კოდორის მოვლენებს დავით უსუფაშვილმაც, მან ფაქტობრივად გააფრთხილა ხელისუფლება, რომ: „ის რაც ხდება კოდორის ხეობაში - მოსკოვის მიერ შემუშავებული მრავალმხრივი გეგმის მხოლოდ ერთი კომპონენტია. ხელისუფლება წამოეგო ამ პროვოკაციას და ხაფანგში გაება. შემდეგ სერიებში ვფიქრობ მთავარ როლებში ახალი შემსრულებლების ხილვას, მაგალითად უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის“. მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2004 წლის 5 ნოემბერს ხელი მოაწერა სოჭის შეთანხმებას „სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის ზონად გამოცხადების თაობაზე“, 2006 წლის შემოდგომაზე იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა საჯაროდ დადო პირობა, ახალი 2007 წლის ცხინვალში აღნიშვნის თაობაზე, რაც ასევე არ გამოეპარებოდა რუსეთის თავდაცვის გენერალურ შტაბს. თუმცა ისევე, როგორც არ გამოეპარა ჩვენს ევროპელ მეკავშირეებსაც. 2006 წლის შემოდგომაზე თბილისში რუსი ჯაშუშების დაპატიმრებით - სააკაშვილმა (პუტინთან შეთანხმებით) ღიად შექმნა რუსეთისაგან „მტრის ხატი“, გააორმაგა ამ „მტერთან“ გასამკლავლებლად ფინანსური დახმარების ოდენობა, შეუდგა ამ ფინანსების ძარცვას. ხოლო ჯაშუშების ქვეყნიდან გაძევების პროცედურებთან ერთად, მორიგი პროვოკაციების ალბათობა კიდევ უფრო გაიზარდა. ეუთოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გიუხტმა აღიარა, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი შესაძლებელია გადავიდეს სამხედრო დაპირისპირების ფაზაში: „ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ამიტომაც ეუთო შემდგომშიც განაგრძობს სამშვიდობო დარეგულირების პროცესებისადმი ყველა საჭირო დახმარებას“. საგარეო კავშირების საკითხებში ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა კი განაცხადა: „შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა აღიაროს და მოუკლოს თავის აგრესიულ რიტორიკას. ქართულმა მხარემ ასევე არ უნდა მიმართოს ისეთი ქმედებებისადმი, რომლებიც ხელს შეუწყობენ დაძაბულობის ზრდას“. მანვე გაზეთ „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ბრძანა: „ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ დაძაბულობით... მე ვმონაწილეობდი ევროკავშირის წარმომადგენლების მოლაპარაკებებში ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენ თბილისს მივეცით მკაფიო სიგნალი - ორივე მხარემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით. თბილისმა უნდა შეწყვიტოს თავისი აგრესიული რიტორიკა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან წარმართოს რუსებთან ნორმალური დიალოგი. დაძაბულობის მოხსნა მხოლოდ ამ გზით შეიძლება და ჩვენ მზად ვართ შუამდგომლობა გავუწიოთ ამ პროცესებს“.
ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო ტელეკომპანია „იმედის“ 2007 წლის სექტემბრის ღამის ეთერში იმდროინდელი უკვე ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალური აღიარება, რომ ჯერ კიდევ 2006 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების საიდუმლო გეგმა, რაც ასევე ყურადღების მიღმა არ დარჩებოდა არც მოსკოვისთვის, არც დასავლეთისთვის. ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობარმა", ესტონეთმაც კი, თავისი პარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ მიმართავს საქართველოს - „მოგიწოდებთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და თავი აარიდოთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც შეიძლება აღქმული იქნან როგორც პროვოკაციული“. იმავე სულისკვეთებით იყო გაჯერებული ჩვენი ისეთი პარტნიორების განცხადებები, როგორც გერმანიის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი - ვალტერ შტაინმაიერი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და მრავალი სხვა. გვეხვეწებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს - არ აჰყვეთ პროვოკაციას და თუ თავად ვერ უმკლავდებით პროცესების დიპლომატიური გადაჭრის რელსებზე გადაყვანას, შუამდგომლობას გაგიწევთ ყველა დონეზე.გსურთ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით გადაჭრა - ამაშიც დაგეხმარებით. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვალტერ შტაინმაიერი ჯერ მოსკოვში, მერე თბილისში და შემდგომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, რათა წარედგინა დაინტერესებული მხარეებისთვის აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სამეტაპობრივი სამშვიდობო გეგმა. თუმცა სამ კვირაში ეს მოლოდინებიც ჩაფლავდა.
ჩვენ ვერც პროვოკაცია ავიცილეთ თავიდან და ვერც ომი მოვიგეთ. მართალია, მოწინააღმდეგის სამხედრო ავიაციის ნაწილი გავანადგურეთ, არტილერიის მეშვეობით მათ ცოცხალ ძალასა და ჯავშანტექნიკას „ვაუთავებდით“, 58-ე არმიის სარდალს უკანალი გავუხვრიტეთ, თუმცა ბირთვული სახელმწიფოსადმი ამ მამაცური წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, საზარბაზნე ხორცად ვტოვებდით გამოუცდელ რეზერვისტებს გაშმაგებული მოწინააღმდეგის პირისპირ.ასე რომ, კითხვაზე - შექმნა თუ არა სააკაშვილის რეჟიმმა მოწინააღმდეგის მიმართ მიზანმიმართული მაპროვოცირებელი გარემო - მე მაქვს დადებითი პასუხი. კითხვაზე - მიმართა თუ არა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა თავიდან აეცილებინა პროვოკაციები - პასუხი უარყოფითია, ვინაიდან ეს არც შედიოდა მის გეგმებში. მოემზადა თუ არა სათანადო დონეზე პუტინის რეჟიმი ამ პროვოკაციების ჩასახშობად - დიახ, ვინაიდან ეს იყო პუტინ/სააკაშვილის ერთობლივი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მიაღწიეს თუ არა ორივე დაინტერესებულმა მხარემ თავის ჩანაფიქრების აღსრულებას - პასუხი ასევე დადებითია. რუსეთმა წერტილი დაუსვა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავისთვის გაურკვეველ სტატუსებს და თავისი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის ნორმებზე თავისივე შეხედულებების ფარგლებში იქ უკვე „ოფიციალურად“ განათავსა. ხოლო სააკაშვილმა, თუ დავუჯერებთ ამ თემაზე შექმნილ უამრავ პუბლიკაციას - ნაცმოძრაობის კორპორატიულ და საკუთარი უახლოესი გარემოცვის საკეთილდღეოდ სოლიდური ფინანსური პირამიდა სწორედ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაამყარა. როგორც იტყვიან, „კუში მოხსნა“. წაგებული კი მხოლოდ საქართველო და ქართველი ერი დარჩა. ჯერჯერობით მასეა.
როდესაც არ ცხრება დისკუსიები თემაზე - ვისი „აგენტია" ბოლო-ბოლო სააკაშვილი (ხოლო მე არაერთგზის დავაფიქსირე ჩემი პირადი მოსაზრება ამის თაობაზე), მე მინდა შეგახსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დამატებით არგუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ამა თუ იმ ვერსიის სასარგებლოდ.მე პირადად არ მახსოვს, რომ ამ გარემოებაზე გამახვილებულიყოს ან პოლიტიკოსების, ან ჟურნალისტების მხრიდან ყურადღება. არ მახსოვს ამ თემაზე სადმე დასმული შეკითხვა ან პირადად სააკაშვილის, ან მისი კლანის რომელიმე წევრის მიმართ. არა და მისი მნიშვნელობა, 1633 ევრორეზოლუციაზე იმ მოღალატეობრივ ხელმოწერაზე არანაკლებია, თუ არა - მეტი.ამ გარემოებაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აწ ასევე პატიმარმა - ნიკოლა სარკოზიმ თავის მემუარებში, რომლებიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ძალზე საინტერესო კულუარულ დეტალებს. საქმე იმაშია, რომ „მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება" თავდაპირველად მოიცავდა მეშვიდე პუნქტსაც. და ზუსტად ამ პუნქტის ამოღება მოსთხოვა სააკაშვილმა სარკოზის.ეს პუნქტი ითვალისწინებდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" მომავალი სტატუსების განსაზღვრას მხოლოდ (!) ფართო წარმომადგენლობითი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ეს პუნქტი ფაქტიურად იდენტური იყო ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემუშავებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარების სამეტაპობრივი პროექტის მესამე ეტაპისა. მაგრამ, როგორც შტაინმაიერის გეგმის განხორციელებას არ მიეცა საშუალება - მისი პროექტის აფხაზეთში ჩატანიდან ზუსტად სამ კვირაში, ომის დაწყების გამო, ამ ჯერზეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი სააკაშვილის მოთხოვნით ამოღებული იქნა „სარკოზი-მედვედევის" შეთანხმებიდან.საინტერესოდ აღწერს სარკოზი თავის მემუარებში მედვედევის რეაქციას სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაზე: „ღამის პირველი საათისკენ (12 აგვისტოს) მე დავურეკე მედვედევს და სააკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ვთხოვე ამ პუნქტის ამოღება.
მედვედევი კმაყოფილი ჩანდა, მათთვის ეს აშკარად აადვილებდა სიტუაციას, მით უმეტეს, რომ მათი ჯარი რჩებოდა დაკავებულ ტერიტორიაზე. საპასუხოდ, მედვედევმა გადამიხადა მადლობა ჩატარებული სამუშაოსთვის. გარდა ამისა, მე მომეჩვენა, რომ ის ისედაც საქმის კურსში იყო ყველაფრის, რაც ხდებოდა თბილისში. ქართული სისტემა კრემლის ყურებისთვის გაცილებით უფრო გამჭვირვალე იყო, ვიდრე ეს წარმოედგინათ ჩემს თბილისელ მასპინძლებს".ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში, სააკაშვილის მიერ მეშვიდე პუნქტის ამოღებას შეცდომად მიიჩნევს, ვინაიდან სწორედ ამ გარემოებამ, რუსეთს უმოკლეს პერიოდში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" სტატუსების მიმართ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცა. ნიკოლა სარკოზის შეფასება დიპლომატიური ენიდან თარგმანში, ჩვენთვის ცალსახად ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს - ეს იყო სააკაშვილის მორიგი და გამიზნული ანტისახელმწიფოებრივი ღალატი და უმძიმესი დანაშაული. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა მოაწერა ხელი დოკუმენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის" ცნობის თაობაზე. ერთ კვირაში ბრიუსელში გაემგზავრა ქართული სამთავრობო დელეგაცია და იმ მომენტისთვის, EU-ს თავმჯდომარე ქვეყანა-საფრანგეთს სთხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მე მოგიყვანთ ამ მოთხოვნაზე ევროკავშირის მიერ გაჟღერებულ რამოდენიმე საპასუხო ციტატას:
"ჩვენ არაორაზროვნად ვგმობთ რუსების არაპროპორციულ რეაქციას, მაგრამ აქ, ევროპაში, ვათვითცნობიერებთ ჩვენს რუს მეზობლებთან დიალოგის აუცილებლობას" © ნიკოლა სარკოზი
"საქართველოს ირგვლივ კონფლიქტი არ წარმოადგენს რუსეთსა და დასავლეთს შორის კუნთების სათამაშოდ საბაბს, ამიტომ მისი გადაწყვეტის გადასაღები არაა NATO-ს ხელში" © ნიკოლა სარკოზი
"ეს არაა დიდი ომის გაჩაღების საბაბი, ეს არაა საბაბი ურთიერთობების გაფუჭებისა" © ნიკოლა სარკოზი
"სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ქვეყნის, რომელიც ფლობს ბირთვულ პოტენციალს, რომელმაც შეიძლება ათგზის გაანადგუროს დედამიწის მოსახლეობა, რომლის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 7-8%-ია, გაზისა და ნავთობის ქვეყანა, რომელიც ასე სჭირდება ევროპას?" © სილვიო ბერლუსკონი
"მსგავსი სანქციები შემდგომ დაძაბულობას და არსებული ვითარების დაკონსერვებას მხოლოდ ხელს შეუწყობენ. ევროკავშირი ვალდებულია კვანძის გახსნის გასაღები მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით იპოვოს" © ტრაიან ბესესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი „სააკაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს" © ჰანს-გერტ პოტტერინგი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე
ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება , მოუწოდა მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკის გატარებისკენ, მზადყოფნა გამოთქვა კრიზისის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დააანონსა საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაცია ამ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა სარკოზის დევიზით: "საქართველო არაა ევროპის ნაწილი" - წარმოდგენილი იყო ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილის და თემურ იაკობაშვილის სახით, მიუხედავად ევროსაბჭოს მკაცრი ვერდიქტისა, რომ "საქართველოს ოფიციალური პირები სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ!".
მაქსიმუმ, რასაც შეჯერდა ქართული დელეგაცია - ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს. საინტერესო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებაც, თუ რატომ არ მონაწილეობდა იგი სამიტის მუშაობაში: არა იმიტომ, რომ მოწვევა არ ჰქონდა, არამედ იმ რისკის გამო, რომ რუსეთი არ დაუშვებდა იქიდან მის საქართველოში დაბრუნებას. 2008 წელს ქართველების შემდგომი გამაღიზიანებელი წუწუნი და აკვიატებული შეწუხება რომ შეეჩერებინათ, დასავლეთმა შეთხზა ცნობილი #1633 რეზოლუცია, რომელსაც ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს დასანქცირებას ჩაუყარა საფუძველი. დასავლეთი დაწყნარდა და 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე რუსებთან ერთად ერთობლივ სამხედრო აღლუმშიც კი მიიღო მონაწილეობა. ამაზე და უფრო მეტზე - 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად უნდა შედგეს საპარლამენტო "ნიურნბერგის პროცესი". ამას გრძნობენ, ამის მოლოდინში არიან და ამიტომაც აჟღერებენ დაუფარავად ქვეყნის აყირავებისა და სახელმწიფო გადატრიალების საშემოდგომო გეგმებს. ჩვენს უახლოეს ისტორიაში უკვე მერამდენედ. და ასევე მერამდენედ - მოსალოდნელი განუხორციელებელი შედეგით“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.