გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან

7-08-2024

„წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც - 2008 წლის 7 აგვისტო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, პირველად, თარიღი 7 აგვისტო, გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც ეწერა, რომ ქართულმა სამხედრო ძალებმა ცხინვალი გაუფრთხილებლად დაბომბეს, რუსეთის ქმედება კი საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული - ამ ჩანაწერების მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.


მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოიგო რუსეთის წინააღმდეგ საქმეები როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში და დაამტკიცა, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ გმირები არიან, რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მისი თქმით, აღნიშნული პარტია უნდა გასამართლდეს საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულისთვის, მათ შორის, აგვისტოს ომის გამო.


„წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც - 2008 წლის 7 აგვისტო. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: საიდან, როგორ ან სად გაჩნდა პირველად ეს თარიღი? 2008 წლის 9-10 აგვისტოს დოკუმენტებში (იგულისხმება როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებები), რუსული ჯარების საქართველოში შემოსვლის დღედ 8 აგვისტო სახელდებოდა. 2 თვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ „2008 წლის 7 აგვისტოს (!!!!!!!!!), საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან...”.


იმავე რეზოლუციაში რუსეთის მოქმედება საპასუხო შეტევად იყო მოხსენიებული. ასევე ეწერა, რომ „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიაზე, როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეულ იქნას, როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას”.


რაც არ უნდა წარმოუდგენელი ყოფილიყო, ამ რეზოლუციას საქართველოს მაშინდელმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა! შესაბამისად, პირველად, თარიღი - 7 აგვისტო, გაჩნდა „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში, რომლითაც მათ თავადვე შექმნეს მტკიცებულება და ბეჭედი დაუსვეს ღალატს, ქვეყნის გაყიდვას და ქართველი სამხედროების უდიდესი რისკის ქვეშ დაყენებას, რომ ისინი შეიძლებოდა გასამართლებულიყვნენ ომის დანაშაულისათვის!

მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვიგეთ ორივე პროცესი სტრასბურგის და ჰააგის სასამართლოებში და დავამტკიცეთ, რომ ქართველი სამხედროები არა ომის დამნაშავეები, არამედ თავიანთი სამშობლოს გმირები არიან. შეუძლებელია ამ ყველაფერს თავისი სახელი საბოლოოდ არ დაერქვას. „ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს საკუთარი სამშობლოს წინაშე ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ დანაშაულს, რომელსაც ეს სტატუსი ეძღვნება!“ - წერს მამუკა მდინარაძე.