გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საზოგადოება „ქართული“: ჩვენთვის, ოკუპაციის ქვეშ მცხოვრებთათვის, ამერიკა იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის სიმბოლო, მაგრამ ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაც დასანანია

9-08-2024

საზოგადოება „ქართული“ აშშ-ის კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს.

„გასულ თვეს აშშ-ის კონგრესმა საქართველოს „მეგობარი აქტი“ განიხილა, ხოლო გასულ კვირას სენატმა საქართველოს საკითხზე იმსჯელა. ამ მოსმენების პათოსმა ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება გამოიწვია და არაერთი მწვავე კითხვა დაბადა, რაც გვინდა თქვენამდე მოვიტანოთ დღეს, რუსეთ - საქართველოს ბოლო ომის მე-16 წლისთავზე.


ამერიკა ზესახელმწიფოა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიო ისტორიის მიმდინარეობას და რომლის ძლევამოსილების წყარო მხოლოდ სამხედრო, ეკონომიკური და ტექნოლოგიური ძლიერება, ან თავისუფლება და დემოკრატია როდია. ის, რამაც იგი დიადი და პირველი გახადა თანასწორთა შორის, არის „ამერიკული ოცნება“. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი უილიამ სეფირი აღნიშნავდა, რომ „თუ ამერიკული სისტემა არის ამერიკული პოლიტიკის საყრდენი, ამერიკული ოცნება მისი სულია“.


ჩვენთვის, რუსეთის იმპერიის ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ხალხებისთვის, ამერიკა იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის სიმბოლო. საბჭოთა კავშირის დაშლამ და დამოუკიდებლობის პირველმა წლებმა დაგვიდასტურა, რომ არც შევმცდარვართ. თქვენმა თანადგომამ ბევრი განსაცდელი გადაგვატანინა, აშშ დღესაც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას საერთაშორისო არენაზე, რისთვისაც მადლიერები ვართ. მაგრამ, „ყველაფერი წარმავალია“ როგორც სოლომონ მეფის ბეჭედზე ამოტვიფრული სიბრძნე გვასწავლის. ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაც დასანანია. ჩვენ არ წარმოვადგენთ ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, არც რომელიმე პარტიას და არც უცხოეთიდან დაფინანსებულ ე.წ. სამოქალაქო სექტორს. თქვენ მხოლოდ ამ უკანასკნელთ უსმენთ, რის გამოც, თქვენი წარმოდგენები საქართველოზე შორსაა რეალობისგან. გვინდა, ეს ხარვეზი შევავსოთ და გთხოვოთ, ჩვენც მოგვისმინოთ, როგორც ქართველი საზოგადოების მიუკერძოებელ ნაწილს: ხელოვანებს, მეცნიერებისა და კულტურის მუშაკებს, პროფესორებს, აკადემიკოსებს, მწერლებს, ინჟინრებს, ექიმებს, სპორტსმენებს, მასწავლებლებს, ახალგაზრდებს, ყველა იმათ, ვინც დღეს ვიცავთ წინა თაობების მიერ შექმნილ ჰუმანისტურ ქართულ იდენტობას და ვცდილობთ, პოლიფონიური და ტოლერანტული ქართული მსოფლმხედველობა ახალ დროში მომავალ თაობებს გადავცეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.