გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ოთარ შამუგია: შვეიცარიული კომპანიის მიერ თანამედროვე მეთოდებით და მიდგომებით ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია, რათა მყინვარებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს

9-08-2024

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტმა დანიელ ტობლერმა საქართველოში სამუშაო ვიზიტი დაასრულა და შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან გამართულ შეხვედრაზე შეაჯამა.


მინისტრმა საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა, როგორც ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობის შესწავლის მიმდინარე სამუშაოებისთვის, ასევე შოვის სტიქიის დროს ჩატარებული კვლევისთვის. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ შვეიცარიულ მხარესთან მომავალშიც აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება.


„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესები, მათ შორის მყინვარების დნობიდან მომდინარე საფრთხეები დღეს საქართველოსთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე შვეიცარიელ ექსპერტებთან, რომლებიც საქართველოში არსებული მყინვარების კვლევას ახორციელებენ. კვლევა თანამედროვე მეთოდებით და მიდგომებით მიმდინარეობს, რათა მყინვარებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ღონისძიება, ეს იქნება მონიტორინგი, ადრეული გაფრთხილების სისტემა, განგაშის სისტემა თუ სხვა, უნდა ეფუძნებოდეს დეტალურ, სამეცნიერო კვლევებს. სწორედ კვლევების შედეგად მიღებულ დასკვნებზე დაყრდნობით განხორციელდება კონკრეტულ ლოკაციებზე კონკრეტული ღონისძიებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მაღალკვალიფიციური ექსპერტები არიან ჩართულები და აღნიშნულ სამუშაოებს მათთან ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


ვიზიტის ფარგლებში, დანიელ ტობლერმა სააგენტოს სპეციალისტებთან და დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე არსებული მყინვარული ხეობები ვერტმფრენიდან დაათვალიერა.


ექსპერტის მიერ, ადგილზე განხორციელებული აეროგადაღებების საფუძველზე მოხდება პოტენციური საფრთხეების დეტალური გაანალიზება და არსებულ სატელიტურ მასალასთან დადარება, ასევე, კვლევის შედეგად გამოვლენილ ცხელ წერტილებში მონიტორინგის სისტემების დანერგვის შესახებ სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.


შეხვედრაზე, კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელმა გიორგი გოცირიძემ ხაზი გაუსვა არსებული პროცესის ხანგრძლივობას და აღნიშნა, რომ მიმდინარე კვლევის ფარგლებში შეფასდა სრულად კავკასიონის სამხრეთ ფერდობი.


„შოვი, დევდორაკი, ლეღზირი - ჩვენ მივდიოდით, ვარკვევდით, ვპოულობდით სხვადასხვა ფაქტორს უკვე მომხდარი სტიქიის შემდეგ, თუმცა საერთო სურათი აქამდე მთელ კავკასიონზე არ ვიცოდით. ამ პროექტმა ეს საერთო სურათი გამოავლინა. გაკეთებულმა რუკამ დაგვანახა, რამდენად მეტი შრომა არის კიდევ გასაწევი მომავალში. აი ამ საერთო სურათის ფონზე, აქტიური წერტილების გამოვლენის ფონზე უკვე დაგეგმვადია უკეთესად მონიტორინგის, შეტყობინების, გაფრთხილების და სხვადასხვა სისტემა და, რაც ყველაზე მთავარია, რესურსები, იმიტომ რომ არასდროს არცერთ ქვეყანას არ ყოფნის კონკრეტული საფრთხეებისთვის და რისკების მართვისთვის თანხა“, - განაცხადა გიორგი გოცაძემ.


საერთაშორისო საკონსულტაციო შვეიცარიული კომპანიის „GEOTEST AG“ ექსპერტმა დანიელ ტობლერმა განსახორციელებელ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.


„ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესებისა და ლოკაციების შესახებ ინფორმაცია. ვიცით, ვინ და საიდან უნდა დაიწყოს. ამის შემდეგ გვეცოდინება ცხელი წერტილები და ყველაზე კრიტიკული ადგილები. რაც შეეხება ნაბიჯებს, პირველი ნაბიჯი მოიცავს კრიტიკული სფეროების საფუძვლიან შემოწმებას, პოტენციური სცენარების იდენტიფიცირებას, ადგილზე პროცესებში აქტიურ ჩართულობას და შემდეგ ამ სცენარების შესასწავლად და მოსამზადებლად სიმულაციების განსაზღვრას. ამ აქტივობებზე დაყრდნობით, უნდა შეიქმნას მონიტორინგის სისტემა, მოხდეს საფრთხის მართვის პრაქტიკასთან ინტეგრირება და მკაფიოდ განისაზღვროს საფრთხეების მართვის გეგმა. ეს წაიღებს ერთ შეიძლება ორ წელს, ჩვენ გვაქვს ადგილები შვეიცარიაში, რომლის დეტალურ შეფასებას სამი წელიც კი დასჭირდა“, - განაცხადა დანიელ ტობლერმა.


პროცესის ხანგრძლივობაზე საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ შვეიცარიაში კვლავ არის ისეთი რისკის ზონები, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და ძალიან რთულია პროცესის გააქტიურებისას მოკლე დროში მოქმედება, ვინაიდან ასეთ შემთხვევებში გაფრთხილების სისტემები ნაკლებად ეფექტიანია.


აღსანიშნავია, რომ კომპანიასთან „GEOTEST AG“ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება მიმდინარე წელს გააფორმა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 22 მყინვარულ ხეობაში განხორციელდება კვლევები, მომდევნო 2 თვის განმავლობაში მოხდება კონკრეტული, პოტენციური გლაციალური საფრთხისა და მასთან არსებული ცხელი წერტილის იდენტიფიცირება, რომლის შემდეგაც, შვეიცარიული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს და სააგენტოს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს.


სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.