გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური OCCRP-ის სტატიაზე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ცდილობენ რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს

9-08-2024

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) - ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.


როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“.


ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა და არც რაიმე სახის ქონება შეუძენია.


„გვსურს გამოვეხმაუროთ „ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) - ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა.


რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს - არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე - სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ 13 წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს.


ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს. ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრესსამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს - არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა. მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.