17-08-2024
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი კირცხალია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ ხელისუფლების „თეთრი ხელთათმანები“, ის დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანით და იდეოლოგიური ინფილტრაციით
„The New York Times-ის ამერიკული ავტორიტეტული გამოცემის ყოფილი რეპორტიორი სტივენ კინზერი, თუ სწორად მახსოვს, სტატიას აქვეყნებდა NED-თან დაკავშირებით და პირდაპირ აფრთხილებდა უცხოურ მთავრობებს, რომ ვაშინგტონი იყენებს NED-ს გლობალურად, რომ მისთვის არასასურველ მთავრობებს შეუქმნას პრობლემა და მოაწყოს გადატრიალებები.
მხოლოდ საქართველოს ჭრილში რომ განვიხილოთ ეს თემა, დავიწყოთ ISFED-ით. გახსოვთ რა ჩაიდინა ESFED-მა პარალელური დათვლის ჭრილში, როგორ შეიყვანა ჩვენი საზოგადოება შეცდომაში და თვე ნახევარი როგორი ოლიმპიური სიმშვიდით და ასევე, ოლიმპიური გულშემატკივრობით აკვირდებოდა ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას, რომ როგორმე დესტრუქცია და გადატრიალება მომხდარიყო ქვეყანაში, რაც არ გამოუვიდათ. ასევე, შევახსენებ კანვასის ტრენინგებს, სადაც ჩამობრძანებული აგენტი ტრენერები როგორ ატრენინგებდნენ ჩვენს ახალგაზრდობას და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივს, თუ როგორ უნდა შეუტიონ სამთავრობო შენობებს და ა.შ. ბოლოს, „გამჭვირვალობის კანონს“, როდესაც მთლიანად მათი დონორები, აბსოლუტურად სულ ყველა, რა დღეში ჩავარდნენ, რა აჟიოტაჟი ატეხეს გამჭვირვალობის წინააღმდეგ, როდესაც მათი ფარი იყო ყოველთვის ევროკავშირი და გამჭვირვალობა. თურმე, ჩამოეხსნათ ნიღაბი და ყველამ ანახა თავისი სახე, რომ ისინი რეალურად არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ესენი არიან ჩვეულებრივი დესტრუქციული პარტიებისთვის ამოფარებული შავი ფულის დასაფინანსებელი წყარო, გამტარები“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.