18-08-2024
„კონკრეტული დონორი ორგანიზაციების მიერ, ამ ქვეყანაში ხორციელდება გარკვეული პირების, გარკვეული ორგანიზაციების დაფინანსება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც გორდულაძემ განმარტა, “დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED) აფინანსებს “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტს" (OCCRP) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის ქონების შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს.
მისივე თქმით, გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი ეწყობა, რომ კონკრეტული მხრიდან ფინანსები ხმარდება მმართველი გუნდის ლიდერების „გაშავებას“ და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას. „ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად, NED-ის მიერ ფინანსდება ის ე.წ. ჟურნალისტური გამოძიება, სადაც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისთვის ჩირქის მოცხებაზე იყო საუბარი, თითოქს მან რუსეთის ფედერაციაში რაიმე ახალი ქონება შეიძინა, არადა, რეალობა არის, რომ 1998 წლის მერე ეს ადამიანი და მისი ოჯახის წევრები რუსეთის ფედერაციაში ნამყოფებიც კი არ არიან. ამ ყველაფერს აჰყვა პირველ რიგში TI ე.წ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და მისი ხელმძღვანელი, კაპიტანი გიგაური და ვხედავთ, რომ ამ ორივე ორგანიზაციის დამფინანსებელი არის NED-ი. შესაბამისად, გარკვეული ლოგიკური ჯაჭვიც ეწყობა იმაზე, რომ კონკრეტულად, ერთი მხარიდან ხდება დაფინანსებები და მერე ეს ყველაფერი მიმართულია როგორც ჩვენი ლიდერების „გაშავებაზე“, ისე ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირ დაზიანებაზე, რაც კატეგორიულად მიუღებელია.“ - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
მისი განცხადებით, საქართველოში დესტაბილიზაციისკენ მიმართულ დაფინანსებას ყველამ თავი უნდა დაანებოს, ვინაიდან ხელისუფლება არავის მისცემს საშუალებას, რაიმე ფორმით შეეცადონ ქვეყანაში არეულობის შემოტანას ან „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას.
„ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ და ყველას მივმართოთ, რომ დაანებონ თავი ჩვენს ქვეყანაში თანხების ჩასხმას, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება დესტაბილიზაციისკენ. ხელები და რაც მთავარია თანხები შორს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკისგან. არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე ფორმით შეეცადონ ამ ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, მათ შორის, თუნდაც დესტაბილიზაციის შემოტანას. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლა სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით საომარი მოქმედებების განვითარება.“ - განაცხადა გორდულაძემ.