20-08-2024
„შეუძლებელია ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთოს, ვიდრე ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსების გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მმართველი ძალა ე.წ. „ნეიტრალურ” ამომრჩეველს ქვეყნის გადასარჩენად წელს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
როგორც ჩიბურდანიძე წერს, დღეს მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გასაღები ქართველი ხალხის ხელშია და ოქტომბრის არჩევნებით ეს ოცნება უნდა ასრულდეს.
„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მიერ გაკეთებული განცხადება არის ქართველი ხალხისთვის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რატომ უნდა მოვიდნენ არჩევნებზე და მხარი დაუჭირონ სახელისუფლებო გუნდს. საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროების შესახებ პუნქტობრივი ახსნა ცხადყოფს ხელისუფლების მისწრაფებას მშვიდობიანი, ერთიანი და განვითარებული საქართველოსკენ. მაგრამ ეს შეუძლებელია ხალხის მხარდაჭერის გარეშე. დღეს მშვიდობიანი, ერთიანი და ძლიერი საქართველოს გასაღები ქართველი ხალხის ხელშია და ოქტომბრის არჩევნებით ეს ოცნება უნდა ავისრულოთ.
„ქართული ოცნების” განცხადებაში ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებოა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. საზოგადოება მიხვდება, რომ ხელისუფლებას მთელი ეს წლები დრო არ დაუკარგავს და სერიოზული სამუშაოებია ჩატარებული ჩვენი ერის ყველაზე დიდი ეროვნული პრობლემის მოსაგვარებლად. თუკი მთელი ეს წლები აფხაზეთი და სამაჩაბლო მხოლოდ ოცნება იყო, დღეს ამ განცხადებაში მნიშვნელოვანი მინიშნებებია შემოთავაზებული.
ოქტომბრის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ, მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს კეთილდღეობას სჭირდება. შეუძლებელია ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთოს, ვიდრე ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსების გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.