25-08-2024
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიმართ სოციალურ ქსელში სავარაუდო მუქარის გამო 37 წლის ტენესელ კაცს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას NBC News-ი იუსტიციის დეპარტამენტის პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, კილ ალტონ ჰოლს ბრალი წაუყენეს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მიმართ მუქარის ორი მუხლით და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მუქარის ერთი მუხლით. თითოეულ ბრალდებაზე მას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მამაკაცმა მუქარის შემცველი განცხადებები სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა. ბრალდებული, სავარაუდოდ, დაემუქრა ბაიდენს „მოკვლით, მკვლელობით, სროლითა და თვითმფრინავის ჩამოგდებით“. ის მოკვლით დაემუქრა ჰარისსა და ობამასაც. საქმე აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა გამოიძია.