25-10-2018
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გახსნა. მისი თქმით, სამომავლოდ მსგავსი ობიექტების მშენებლობა ყველა რეგიონში იგეგმება. ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენთვის სპორტს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ვამაყობთ ჩვენი დიდი ტრადიციებით, რომელშიც ფეხბურთს განსაკუთრებული როლი აქვს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში არის წარმატების მთავარი გასაღები. ჯერ ძალიან დიდი გზა გვაქვს გასავლელი, რომ ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდეთ. ჩვენთვის ახალგაზრდების, მოზარდების, ბავშვების ჩართულობა სპორტში ყველაზე პრიორიტეტულია. სამწუხაროდ, ჩვენ მასობრივი სპორტის განვითარებაში ბევრ ევროპულ სახელმწიფოს ჯერ კიდევ 6-7-ჯერ ჩამოვრჩებით. აქედან გამომდინარე, სწორედ ასეთი ინფრასტრუქტურა არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მასობრივ სპორტში ჩართულობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. აკადემიაში ამ ეტაპზე დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს, რომელთათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია.
აკადემიის ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, ამ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.