26-08-2024
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის XVI საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქართველი და უცხოელი მეცნიერები მსოფლიოს 60-მდე ქვეყნიდან, 5 დღის განმავლობაში წაიკითხავენ მოხსენებებს ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის შესახებ და იმსჯელებენ ენათა კვლევის თანამედროვე ტენდენციებზე.
ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიის საერთაშორისო კონფერენცია (ICHoLS) 1978 წლიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აერთიანებს მკვლევრებს, რომლებიც მუშაობენ ენის შემსწავლელ მეცნიერებათა ისტორიაზე. საერთაშორისო ფორუმი პირველად იმართება საქართველოში.
კონფერენციის გახსნას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, კონფერენციის მონაწილეები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, საერთაშორისო ფორუმი მნიშვნელოვანი მოვლენაა ენების შემსწავლელი მეცნიერების ისტორიებზე მომუშავე მკვლევრებისთვის. მისი თქმით, ენათმეცნიერებას საკმაოდ დიდი ტრადიცია აქვს უნივერსიტეტში. სწორედ თსუ-ში დაიბეჭდა კავკასიაში პირველი სახელმძღვანელო - ენათმეცნიერების შესავალი; დაარსდა ქართველ ენათმეცნიერთა საზოგადოება, ასევე, კავკასიოლოგიის კათედრა და ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
„მიხარია, რომ მილანის შემდეგ, საქართველო, სწორედ ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობს ამ საერთაშორისო კონფერენციას. მინდა, ეს საერთაშორისო ფორუმი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ენობრივი პრობლემები“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის თქმით, ენის შემსწავლელი მეცნიერების ისტორია სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს და სწრაფად ვითარდება. ამას მოწმობს ახალგაზრდა მეცნიერთა რიცხვის ზრდა, რომლებიც დაინტერესებული არიან ენის სხვადასხვა კუთხით შესწავლის ისტორიით. ამ ინტერესის ზრდის მაჩვენებელია საუნივერსიტეტო კურიკულუმებში სასწავლო კურსებისა და სემინარების შეტანა, რომლებიც ლინგვისტიკის ისტორიის საკითხებს მოიცავს.
„კონფერენცია გამოირჩევა თემების მრავალფეროვნებით. სესიებზე ფართოდ იქნება წარმოდგენილი ქართული მასალა, მოხსენებები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს თვალსაჩინო გავხადოთ როგორც ქართული ლინგვისტიკის ისტორია, ისე საქართველოში ქართველურ ენათა კვლევის ტენდენციები და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგები“,-აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგორც, კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, თსუ პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ აღნიშნა, კონფერენცია არის საუკეთესო პლატფორმა ენის შემსწავლელი მეცნიერების სფეროში სიახლეების გაცნობის, ახალი კვლევების წარდგენის, გამოცდილების გაზიარების, სამომავლო პერსპექტივების დასახვის და ახლი აკადემიური კონტაქტების დამყარებისთვის.