გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ახალციხეში, დედა, რომელსაც შვილის ცემისთვის ასამართლებენ, პოლიციას შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

25-10-2018

ხუთი წლის შვილის ცემაში ბრალდებული, 37 წლის ქალი, ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსს ლევან ტორუასა და პოლიციის სხვა თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მომხდარს გენერალური ინსპექცია იკვლევს.

 

37 წლის ქალი, ახალციხის რაიონულ სამმართველოში მცირეწლოვან შვილებთან და მეუღლესთან ერთად 21 სექტემბერს გადაიყვანეს. ამ დღეს, მეზობელმა 112–ზე დარეკა, იმ მიზეზით, რომ დედა ხუთი წლის ბიჭს სცემდა. შეტყობინების საფუძველზე ოჯახი გამოსაკითხად, ხუთი წლის ბიჭი კი ექსპერტიზის ჩასატარებლად პოლიციაში წაიყვანეს.

 

„მაგ ღამეს პოლიციაში აგდებულად მელაპარაკებოდნენ, თითქოს დამნაშავე ვიყავი. მეუბნებოდნენ, რომ სომეხი ქართველ ბავშვებს რა უფლებით ვზრდი და რა უფლებით ცემო. ვუმტკიცებდი, რომ ბავშვს ხელს არ ვაკარებდი, მაგრამ საპასუხოდ მაინც შეურაცხყოფას მაყენებდნენ“, – გვიყვება დედა, რომელიც იმავე ღამეს შვილის ცემის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.

 

მისი თქმით, პოლიციელები მის მიმართ განსაკუთრებით აგრესიულები მაშინ გახდნენ, როცა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს მცირეწლოვანი ბავშვები სამმართველოს შენობიდან გაჰყავდათ: „შვილები ყველა საფუძვლის გარეშე მომტაცეს. ხელიდან გამომგლიჯეს და მიჰყავდათ, ამ დროს ბავშვები ყვიროდნენ და ჩემთან ყოფნა უნდოდათ, მეც წამოვხტი და გავიქეცი მათკენ, მაგრამ პოლიციელებმა დამიჭირეს და ორივე ხელი გადამიგრიხეს, კინაღამ მომტეხეს, მაგინებდნენ და მეუბნებოდნენ, შენი სომეხი დედაო და კიდევ ათას სიბინძურეს მეძახდნენ“.

ქალი ამბობს, რომ სოციალური სააგენტოს თანამშრომლისთვის ბავშვების გამორთმევა მისმა მეუღლემაც სცადა: „მაგრამ პოლიციელებმა წიხლი დაარტყეს და სადღაც კუთხეში შეტენეს, კაცი ვეღარ ინძრეოდა“.

 

როგორც ბრალდებული ყვება, ყველაფერს რაც პოლიციაში ხდებოდა, ახალციხის რაიონული სამმართველოს უფროსი ლევან ტორუა ტელეფონით იღებდა: „თავისი ტელეფონი ჰქონდა ჩართული და თან დამცინოდა“.

 

იმ ღამესვე, 37 წლის ქალმა, პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინა. უწყებაში ამბობენ, რომ შეტყობინებაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებებს, კატეგორიულად უარყოფენ: „დაკავებული პოლიციელებს შეურაცხყოფას თვითონ აყენებდა და კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა“.

 

უწყების ინფორმაციით, ამ დღეს სამართალდამცველებმა დედას ბავშვზე ძალადობისთვის, შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს: „მისი შინაარსის გაცნობისას პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცველებს, როდესაც მის არასრულწლოვან შვილს სამედიცინო ექსპერტიზას უტარებდნენ. ეს ყველაფერი ასახულია ვიდეოკამერაზე“.

 

პოლიციელების დაუმორჩილებლობისთვის ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეორე დღეს, 22 სექტემერს ბრალდებული 1 000 ლარით დააჯარიმა.