31-08-2024
„ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გურულებს რომ განსაკუთრებული როლი გაქვთ შესრულებული, ეს არავის ესწავლება. თქვენი და თქვენი წინაპრების პოლიტიკური განსწავლულობა და ალღო მრავალჯერ დამტკიცებულა,“ - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, ოზურგეთში შეკრებილ მოსახლეობას.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი ყოველთვის გურულების საზრუნავს შეადგენდა, რაც მათ უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც დაამტკიცეს, როდესაც საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს.
„თამამად ვიტყვი, რომ სწორედ ამ კუთხის შვილები ხართ ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური დასაყრდენი.
ასე იყო წარსულშიც, როდესაც თავისუფლებისმოყვარე გურულებმა, გაბედეს და ანექსიის მიუხედავად, გურიის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ მამაცმა ხალხმა თავად აიღო ხელში საკუთარი ბედისა და მომავლის მართვა და გამოავლინა თქვენთვის ასე დამახასიათებელი ორგანიზაციული ნიჭი.
ასე იყო 1918 წლის 26 მაისს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა - საქართველოს დამოუკიდებლობის დამფუძნებელი კრების წარმომადგენელთა უმეტესობა ხომ გურულები იყვნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერთა შორისაც ხომ გურულები ჭარბობდნენ?!
ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული და მის მომავალზე ფიქრი მუდამ თქვენს საზრუნავს შეადგენდა და შეადგენს.
ეს დაამტკიცეთ საქართველოს უახლესი ისტორიის ურთულეს პერიოდშიც, როდესაც ჩვენი ხალხის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი წყდებოდა, როდესაც საქართველოს ხვალინდელი დღის აღარავის სწამდა, როცა ჩვენი ქვეყნის თითოეულ კუთხეში საყოველთაო ნიჰილიზმი სუფევდა, რადგან იმდროინდელი ხელისუფლების - „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ტერორში ამყოფებდა საკუთარ ხალხს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.