გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი

1-09-2024

საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი. მიუხედავად იმისა,  რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლიანად და გამჭვირვალედ აირჩია, კეთდება მანიპულაციური განცხადებები, 

თითქოს ახალარჩეული წევრები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და ისინი არ იქნებიან საკუთარი საქმიანობის პროცესში ობიექტურები - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

"ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები პროფესიული ნიშნით არიან არჩეული და მათი არჩევის პროცესი იყო უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უზრუნველყოფილი იყო კონკურსანტებთან გასაუბრება ლაივ რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო თვალყური ედევნებინა ამ პროცესისთვის.

 

სახეზეა რეალობა, როცა დაინტერესებული მხარეების მიერ წინასწარ ხდება ასარჩევი, ან ახალარჩეული წევრების სტიგმატიზაცია, მხოლოდ იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი საჯარო სამსახურში მუშაობს, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ცალსახად აზიანებს საარჩევნო გარემოს. კანონმდებლობა საჯარო მოხელეს არ უკრძალავს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრობას, ამ ადამიანების შეფასება კი მხოლოდ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობით უნდა მოხდეს. დაინტერესებული მხარეების მხრიდან წინსწრებით ამ ადამიანების და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია კი შესაძლოა იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა არც თუ ისე მაღალია.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს ყველა საარჩევნო მოხელეს, მაგრამ თუკი იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის დარღვევის შემთხვევა, რა თქმა უნდა, ექნება მყისიერი, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება. აქვე გვინდა შევახსენოთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა ერთნაირად მოეთხოვება საარჩევნო კომისიების ნებისმიერ წევრს ყველა დონეზე, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულს. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტის ასამაღლებლად, ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში 263 კანდიდატი მონაწილეობდა და მათგან 219, სახელობითი კენჭისყრით, ძირითადად 10-11 ხმით აირჩიეს. რაც ადასტურებს, რომ არჩეულ წევრებს ჰქონდათ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების მხარდაჭერა.

 

აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრების გამოცდილების შესახებ. ბოლო 5 საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:

 

  • საუბნო საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელ პირად მუშაობის გამოცდილება აქვს 211 კომისიის წევრს - 96 %.

 

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება 74 კომისიის წევრს - 34 %.

 

  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობის გამოცდილება აქვს 176 კომისიის წევრს - 80 %.

 

  • სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლად ყოფნის გამოცდილება აქვს 106 წევრს - 48 %

 

  • საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 2020 წელს 116 კომისიის წევრს - 53 %, 2023 და 2024 წლებში 29 წევრს 13%

 

მოცემული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებად არჩეული არიან დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც კანონით არის განსაზღვრული და შეზღუდვებს ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებისთვის. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესთან დაკავშირებით გამოთქმული შეფასებები არის მანიპულაციური, უსაფუძვლო და ემსახურება პროცესის დისკრედიტაციას.

 

ასევე შეგახსენებთ, რომ ცხადდება კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად და როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეები კვლავ ცდილობენ ამ პროცესის დისკრედიტაციასაც. გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადოთ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს" - აცხადებენ ცესკოში.