25-10-2018
პარტია "თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და გოგი წულაიამ ქუთაისში პერფომანსი გამართეს და ბიძინა ივანიშვილის სახელობის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნეს.
ამ ფორმით მათ ის დაპირება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი 2019 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა ადგილზე ამ დრომდე ჭაობია.
პერფომანსის ფარგლებში კუკავამ და წულაიამ წითელი ლენტი გაჭრეს, დადგეს მერხი და მოსწავლეებს მითითებებიც მისცეს.
"ჩვენ შარშანაც ვიყავით აქ და გვითხრეს, რომ უნივერსიტეტს წელს უნდა მიეღო 40 ათასი სტუდენტი, მაგრამ დღეს აქ არის 40 ათასი ბაყაყი. ეს არის რეალურად ბიძინა ივანიშვილის სახე და ასევე აშენდება საქართველო ბიძინა ივაბიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში", - განაცხადა კახა კუკავამ.
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ნოემბერში დაიწყო. უნივერსიტეტი 140 ჰექტარზე აშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი იქნება.
პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს და მას ფონდი „ქართუ” სრულად აფინანსებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.