გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საზოგადოება „ქართული“: გარედან დაფინანსებული კამპანიების თუ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ასობით არასამთავრობოს უკან ერთი მიზანი დგას - როგორმე დაასუსტონ და დაშალონ ქართული იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ქართული ინსტიტუტი

4-09-2024

სჭირდება თუ არა ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული საკონსტიტუციო სტატუსი?! - ამ საკითხზე საზოგადოება „ქართული“ განცხადებას ავრცელებს და კონსტიტუციაში ახალი დებულების შეტანას მიესალმება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკორდატმა ქართული ეკლესიის ისტორიული როლი გამოკვეთა და არ განუსაზღვრავს თანამედროვეობაში მისი ადგილი, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით გახდება შესაძლებელი:


„ამ დღეებში საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი გახდა ქართული ეკლესიისთვის საკონსტიტუციო სტატუსის მინიჭების თემა. სახელისუფლო გუნდის მიერ ინიცირებულ იდეას გამოუჩნდნენ როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. კითხვები დაისვა ეკლესიის შიგნითაც, რადგან თემა არ არის მარტივი და იგი მრავალმხრივ განხილვასა და მიდგომების შეჯერებას ითხოვს. მსოფლიოში, მათ შორის, ევროპის კონტინენტზეც, ქრისტიანობას არაერთ ქვეყანაში გააჩნია განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი სტატუსი ( ვატიკანი, მალტა, მონაკო, ლიხტენშტეინი, ინგლისი, ნორვეგია, ისლანდია, საბერძნეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ფინეთი,) რაც თითოეული ამ ქვეყნის ისტორიული ტრადიციებითა და დღევანდელობის მოთხოვნებითაა განპირობებული. ამ მიმართულებით საქართველოში პროცესებს 90-იანი წლებიდან დაედო სათავე, როცა ეროვნულმა ხელისუფლებამ ქართული ეკლესიის მხარდაჭერა დაიწყო. მომდევნო წლებში, ერის ქრისტიანობისკენ შემობრუნების კვალობაზე, განუხრელად ძლიერდებოდა ქართული ეკლესია, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ. ეს საერთაშორისო კვლევებშიც აისახა, რომლებშიც ყველაზე სანდო ინსტიტუტად წლების განმავლობაში ეკლესია და ყველაზე გავლენიან ადამიანად საქართველოს პატრიარქი სახელდებოდა. ქართული ეკლესიის გაზრდილმა როლმა ასახვა ჰპოვა 2002 წლის ოქტომბერში ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის გაფორმებულ საკონსტიტუციო შეთანხმებაში (კონკორდატი), რომელმაც სამართლებრივი საფუძვლები დაუდო საერო და სასულიერო ინსტიტუტების ჯანსაღ ურთიერთობებს. ყოველივე ამის ფონზე ბუნებრივად დაისვა საკითხი თუ რა საჭიროა ახალი სტატუსის ძიება და მისი საკონსტიტუციო დონეზე დაყენება, როცა ეს ურთიერთობები ისედაც დარეგულირებულია სამართლებრივად. ლოგიკური, თუმცა, არარელევანტური კითხვაა, რადგან ერთი რომ, კონკორდატის ფილოსოფია ქართული ეკლესიის ისტორიული როლის გამოკვეთაშია და არა თანამედროვეობაში მისი ადგილის განსაზღვრაში. მეორეც, გვერდს ვერ ავუვლით იმ უდაო ფაქტს, რომ ქართული ეკლესიის გაზრდილ როლს ყველა არ შეხვდა მოწონებით. წლებია, რაც გარე თუ შიდა ძალების მიერ მიმდინარეობს კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული გამიზნული კამპანია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ამის საილუსტრაციოდ საკმარისია მოვიყვანოთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მხოლოდ 2012-2022 წლებში საპატრიარქოს წინააღმდეგ გავრცელდა 4557 -ზე მეტი ცრუ ბრალდებებისა და ათასგვარი მაკომპრომეტირებელი მასალების შემცველი სიუჟეტი, სტატია და ჟურნალისტური გამოძიება. ანუ, ე. წ. კრიტიკულ მედიებს ეკლესიის დისკრედიტაციის გარეშე დღე არ ჩაუგდიათ. ამას თუ დავუმატებთ 5-10 -ჯერ მეტ ბლოგსა თუ სტატუსს სოციალურ ქსელებში და იქ მიმდინარე ანტი საეკლესიო კამპანიებს, ადვილი წარმოსადგენია თუ რა მასშტაბებთან, ფინანსებთან და ინტერესებთან გვაქვს საქმე.


ცხადია, არავინ არის კრიტიკის და გამჭვირვალობის წინააღმდეგი, არც არავინ ამტკიცებს, რომ ეკლესიაში პრობლემები არ არის, მაგრამ ხომ ცხადზე უცხადესია, რომ გარედან დაფინანსებული ასეთი კამპანიების თუ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ასობით არასამთავრობოს უკან ერთი მიზანი დგას, როგორმე დაასუსტონ და დაშალონ ქართული იდენტობის განმსაზღვრელი მთავარი ქართული ინსტიტუტი, წარმოაჩინონ იგი წარსულის მავნე გადმონაშთად, რომელიც ქვეყნის პროგრესს აფერხებს და ევროპული წინსვლის მთავარი დაბრკოლებაა. გვინდა ამ კამპანიის ორ მომენტზე გავამახვილოთ ყურადღება. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა სამთავრობო ინიციატივაში მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურა დაინახეს და ამის საპირწონედ მზად არიან დღესვე მიიღონ მონაწილეობა ქართული ეკლესიისათვის ახალი საკონსტიტუციო სტატუსის მინიჭების კენჭისყრაში (ენმ, ლელო, ახლები). გვინდა დავიჯეროთ მათი განცხადების, მაგრამ თუ მართლაც ასე გულწრფელად უჭერენ მხარს ქართულ ეკლესიის სტატუსის განმტკიცებას, მაშინ რატომ აქვთ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელისა და ეკლესიის წინაააღმდეგ გაჩაღებული მრავალწლიანი გამიზნულ ომი მათ მიერ კონტროლირებად მედიებს?! ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მათი პროპაგანდისტული მედიების ტანდემს და ვერანაირი საჯარო მხარდამჭერი განცხადება მათი მხრიდან ვერ გადაფარავს იმ უდაო ფაქტს, რომ მთავარი- გვარამია-გაბუნია, ტვ I- ხაზარაძე- მელაძე და ფორმულა-კეზერაშვილი-თარგამაძე ერთად, წლებია უნისონში ახდენენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას. ასევე არავინ დაიჯერებს ე. წ. სამოქალაქო სექტორის ჯანსაღ ინტერესს ქართული ეკლესიისადმი, რადგან სწორედ ეს უკანასკნელები ფინანსდებიან გარედან, რათა ქართული ქრისტიანული ფასეულობები აგრესიული რადიკალური ნეოლიბერალური იდეოლოგიებით ჩაანაცვლონ. ამ კონტექსტში, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ქართულ საზოგადოებას და ჩვენც, ბუნებრივია, გვაინტერესებს თუ ვინ ან რატომ აფინანსებს საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიას და რა დგას ამ დაკვეთის უკან. ამ ბუნებრივ ინტერესს ვერ გადაწონის ვერც ამ კანონის რუსულად მონათვლა და ვერც მის დასაკნინებლად დასავლეთის იმ სუბიექტების მოყვანა მოწმედ, ვინც დგანან კიდეც ამ კამპანიების უკან. ეს რადიკალური ნეოლიბერალური ძალები, ჩვენი თვალთახედვით, რეალურად არ წარმოადგენენ არც დასავლეთს და არც ევროპას, რადგან ცდილობენ რელიგიური თავისუფლება , ადამიანის უფლებები, სხვათა აზრის შემწყნარებლობა, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პრინციპები და ქრისტიანული ნამდვილი ევროპული ღირებულებები მცირერიცხოვანი ნეოლიბერალური ბიუროკრატიის დიქტატურით ჩაანაცვლონ. უმცირესობათა დაცვის მგრძნობიარე თემით მანიპულაცია მათთვის მხოლოდ იარაღია და არა თვითმიზანი, რათა ქრისტიანული ფასეულობების რევიზიით, მის ნანგრევებზე შექმნან ახალი, უსახო, უბიოგრაფიო, უისტორიო და თავგასულობაზე ორიენტირებული ტოტალიტარული რელიგია ღმერთისა და მორალის გარეშე. ასეთ სამყაროს ესწრაფვიან ისინი, რადგან ეს უმრავლესობის დაქსაქსვისა და მათი მართვის საუკეთესო საშუალებაა. ეს არ არის ჩვენი გზა და ეს არ არის ის ევროპა, რომლის დამფუძნებლები ბერძნებთან და იტალიელებთან ერთად ქართველებიც ვართ. ჩვენ ის ევროპა ვართ და იმ ევროპასთან უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომელმაც შექმნა ქრისტიანული ჰუმანისტური ცივილიზაცია და რომლისთვისაც ილიასეული მამული, ენა და სარწმუნოება, დღესაც არის მისი იდენტობის კოდი.


ყოველივეს გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ქართულ ეკლესიასა და სახელისუფლო გუნდს შორის მიღწეული კონსენსუსი, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს დებულება „მართლმადიდებლური ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის საყრდენია“ არის აუცილებელი და ჩვენ, როგორც ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი, მას მივესალმებით.


ეს იქნება იმის ხაზგასმა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არა მხოლოდ ისტორიაა და წარსული, არამედ არის მარად ცოცხალი და განვითარებადი ორგანიზმი, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად ქმნიდა წარსულს, ქმნის აწმყოს და შექმნის მომავალს“, - ნათქვამია განცხადებაში.