4-09-2024
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი შვედი პოლიტიკოსის და დიპლომატის, კარლ ბილდტის ცოლის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ანალიტიკოსი კარლ ბილდტის ბიოგრაფიას იხსენებს და აღნიშნავს, რომ სამშობლოში მას "პოლიტიკურ კორუფციონერს" უწოდებენ. ანალიტიკოსის განმარტებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბილდტს სააკაშვილის რეჟიმის დროს, საქართველოს ბიუჯეტიდან საკუთარი პიარკომპანიის ანგარიშზე 18 მილიონი დოლარის ოდენობის , სულ მცირე 14 გადარიცხვა აქვს განხორციელებული, ამ დოკუმენტს კი მიხეილ სააკაშვილმა გრიფი „საიდუმლო“ დაადო.
„საქართველოში ამ ავადხსენებულ და ბინძურ ყოფილ პოლიტიკოსს ძალზე კარგად იცნობენ - კარლ ბილდტი, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი. აი, რას ვიგებთ მასზე მის სამშობლოში არაერთი ჟურნალისტური გამოძიების მასალებიდან: მულტიმილიონერი იგი გახდა 2003 წელს, იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანია "ლოკჰიდ მარტინთან" თანამშრომლობის პერიოდში - როდესაც ერაყში მიმდინარე ომის დროს უზარმაზარი შეკვეთები იქნა შესრულებული.
შემდეგ, მის გამდიდრებას ხელი შეუწყო სუდანში მიმდინარე სამოქალაქო ომმა, როდესაც ცეცხლში გახვეულ ამ აფრიკულ სახელმწიფოში, კარლ ბილდტი კომპანია "ლუდინ ოილ"-თან ერთად ნავთობის საბადოებზე აკეთებდა ფულს.
ბიზნესში მოღვაწეობამდე, 90-იან წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში, შემდეგ - ევროკავშირის სპეცწარმომადგენლის რანგში, იუგოსლავიის დაშლასა და სერბეთიდან კოსოვოს გამოყოფას უწყობდა ხელს. საგარეო უწყების მინისტრის პორტფელამდე, მან მოასწრო პიარ-კომპანია "Kreab"-ის შექმნა, რომელთანაც კონტაქტები არც გამინისტრების შემდეგ შეუწყვეტია, რის გამოც სამშობლოში მას "პოლიტიკური კორუფციონერი" და "ტეფლონის კარლი" უწოდეს - იმ შედარების ნიშნად, რომ იგი ყველა ბრალდებას ისევე ადვილად იცილებს, როგორც ტეფლონის ტაფა ცხიმს.
პირველი სერიოზული ბრალდება პოლიტიკურ კორუფციაში მას დასდო საქართველოში შვედეთის ყოფილმა ელჩმა ჰანს გუნარ ადელმა, რის გამოც კარლ ბილდტმა ის მალევე გამოიწვია თბილისიდან. უამრავი მტკიცებულებით დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პიარ-კამპანიაში უკვე მოქმედი მინისტრის რანგში, შვედმა დიპლომატმა საქართველოდან მის პიარკომპანიის ანგარიშზე სულ მცირე 14 გადარიცხვა განხორციელდა 18 მილიონი დოლარის ოდენობის.
მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილ ამ დოკუმენტაციას, სააკაშვილმა გრიფი "საიდუმლო" დაადო - ამ ფაქტს თავის დროზე ადასტურებდა ნინო ბურჯანაძე და ბევრი სხვა იმდროინდელი ჩინოვნიკი. ღმერთმა დაგვიფაროს, თქვენი მიმართულებით მივდიოდეთ!,"- წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.