გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს

5-09-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 450-მა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს და ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა სარჩელის წარმატება.


„ვფიქრობ, არავითარი პერსპექტივა ამ სარჩელს არც მანამდე ჰქონდა და ახლა მითუმეტეს არ აქვს, ამას დაემატა ახლა უკვე „სირცხვილიას" აღიარება, ამას დაემატა 450 ორგანიზაციის მიმართვა იუსტიციის სამინისტროსადმი, ამ ფონზე კიდევ უფრო შეუძლებელი გახდა ამ სარჩელის წარმატება. რეალურად ყველაფრით დამტკიცდა, რომ არც სტიგმატიზაციისა და არც შეზღუდვების პრობლემა არ არსებობს.


როგორ შეიძლება, გაასაჩივრო კანონი, რომელიც ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ხარ ორგანიზაცია, რომელიც იღებ დაფინანსებას 20 პროცენტზე მეტს უცხოეთიდან, მიმართავ იუსტიციის სამინისტროს ერთადერთი მოთხოვნით, რომ შენი ინფორმაცია დაფინანსების თაობაზე ვებგვერდზე დაიდოს და ამაზე საუბრობენ, რომ არის რუსული, საშინელი კანონი და ორგანიზაციებს გააუქმებს და ა.შ. როგორ შეიძლება, ასეთ სარჩელს ჰქონდეს რაიმე წარმატება, სრული აბსურდია ეს ყველაფერი. შესაბამისად, მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ სარჩელის პერსპექტივის მიმართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, მოსარჩელეების რაოდენობა არის ერთ პროცენტზე ბევრად ნაკლები და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ტყუილი კიდევ ერთხელ გაავრცელეს.


„ძალიან მარტივი სპეკულაცია იყო, მოსარჩელეების რაოდენობა არის დაახლოებით 100 და 450-მა მიმართა იუსტიციის სამინისტროს. თუ ის არის ერთი პროცენტი, გამოდის, რომ მოსარჩელეების რაოდენობა არის ერთ პროცენტზე ბევრად ნაკლები. ეს მარტივი სპეკულაციაა. კოლექტიური „ნაცმოძრაობაა" და მთლიანად სიცრუეზეა აგებული ეს პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, ამ ენჯეოებმაც და პარტიებმაც ასეთი ტყუილი კიდევ ერთხელ გაავრცელეს. აქ საუბარია მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა შეიძლება, იყოს მაქსიმუმ ათასი არც კი. მე სტატისტიკა არ მაქვს, მაგრამ ვვარაუდობ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა მიმართა რეალურად იუსტიციის სამინისტროს და შეიძლება, ეს ორი მესამედიც, 80 პროცენტიც იყოს.


რეალურად თქვენ იცით, რა ვითარებაა არასამთავრობო სექტორში - არის ორგანიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც იღებენ ჯამური დაფინანსების სადღაც10 პროცენტს და არის რამდენიმე, ელიტური ორგანიზაცია ყველაზე მდიდარი ენჯეოები, რომლებიც იღებენ დაფინანსების 10 პროცენტს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის თითზე ჩამოსათვლელი, მაქსიმუმ 10 ორგანიზაცია იღებს დაფინანსების 90 პროცენტს, ხოლო დანარჩენი 500 თუ ათასი ორგანიზაცია იღებს დაფინანსების 10 პროცენტს. ეს არის რეალური სურათი. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია, ვინც სინამდვილეში ემსახურება კეთილ საქმეს, ემსახურება ისეთ საქმეს, რომელიც მიესადაგება სახელმწიფოს ინტერესებს, მას არც პრობლემა არ ჰქონდა, მიემართა იუსტიციის სამინისტროსთვის, მაგრამ ვისაც აქვს დასამალი, ისინი რა თქმა უნდა, არ მიმართავენ იუსტიციის სამინისტროს და აქ გაევლება მარტივი ზღვარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.