5-09-2024
„გვსურს გამოვეხმაუროთ სრულიად აბსურდულ და უსაფუძვლო შეფასებებს, რაც ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გუშინ საზოგადოებას წარუდგინა თავისი არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშში ქვეყანაში არსებულ ძლიერ პოლარიზაციაზეა საუბარი, თუმცა, არაფერია ნათქვამი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ ღიად წარმოებულ ცრუ კამპანიაზე, რომელიც სწორედ საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს.
„ანგარიშში საუბარია ქვეყანაში ძლიერი პოლარიზაციის პირობებზე. ეს დასკვნა განსაკუთრებით გასაოცარია იმ ფონზე, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ღიად აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, თითქოს, საპარლამენტო არჩევნები არის არჩევანი ევროპასა და არაევროპას შორის. ამგვარი ცრუ კამპანიის მიზანი სხვა არაფერია თუ არა საზოგადოების პოლარიზება. თუმცა, სამართლიანი არჩევნების ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციების ამ კამპანიაზე არაფერია ნახსენები,“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.