6-09-2024
„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას! დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არამედ, აგრეთვე, ვაღიარებთ თქვენს დიდ შრომასა და ძალისხმევას, რომლებმაც ამ მნიშვნელოვან მომენტამდე მოგიყვანათ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განათლებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის შენებაში.
„მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ უნივერსიტეტის დამთავრებას! დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არამედ, აგრეთვე, ვაღიარებთ თქვენ დიდ შრომასა და ძალისხმევას, რომლებმაც ამ მნიშვნელოვან მომენტამდე მოგიყვანათ. დარწმუნებული ვარ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ცოდნაზე მეტი მოგცათ. მან დაგანახათ გლობალური პერსპექტივა, გაგაცნოთ ინოვაციები და უახლესი ტექნოლოგიები, პრაქტიკული სწავლების პროგრამებისა და სტაჟირებების მეშვეობით, პრაქტიკული გამოცდილებაც შეგძინათ. ის დაგეხმარათ იმ უნარების განვითარებაში, რომლებიც დაგჭირდებათ მუდმივად ცვალებად სამყაროსთან მორგებაში. ეს ის უნარებია, რომლებიც თქვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ძალიან გამოგადგებათ, იქნება ეს შემდგომი სწავლა, სხვადასხვა სფეროში დასაქმება თუ სამეწარმეო საქმიანობა. განათლებას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის. დღეს თქვენ წარმოადგენთ მომავალ ლიდერებს, ინოვატორებს, მეწარმეებს, მეცნიერებს. ამ უნივერსიტეტში მიღებულმა განათლებამ მოგამზადათ არა მხოლოდ თქვენი პირადი წარმატებისთვის, არამედ, ასევე, თქვენი მზარდი როლისთვის ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების საქმეში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ საგანმანათლებლო ტრადიციების შესახებ, რომელიც ქუთაისში ისტორიულად არსებობს.
„საქართველო გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურითა და ტრადიციებით. ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იცოდნენ, რომ ქვეყნის ძლიერების საფუძველი განათლებული ხალხია. სწორედ აქ, ქუთაისში, დავით აღმაშენებელმა დააარსა გელათის აკადემია, სადაც სხვებთან ერთად ისეთმა სწავლულმა ქართველებმა, როგორებიც არსენ იყალთოელი და იოანე პეტრიწი იყვნენ, იმდროინდელი ევროპის მოწინავე განათლება დანერგეს და აკადემია ევროპული საგანმანათლებლო სივრცის თანაშემოქმედად აქციეს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც ამ ტრადიციებს ეყრდნობა და აგრძელებს.
ვინაიდან, ისევე როგორც გელათის აკადემიის დროს, ქართველებს არა მხოლოდ უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარ ქვეყანაში მიიღონ საუკეთესო ევროპული განათლება, არამედ საქართველო უნდა იქცეს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მოწინავე რგოლად.
ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მალე დატოვებთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარემოს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწავლის პროცესი მუდმივად გრძელდება. თქვენ მიერ აქ შეძენილი ცოდნა ჯერ კიდევ დასაწყისია. გააგრძელეთ განვითარება ისეთივე მონდომებითა და შემართებით, რომლებმაც დღევანდელ მომენტამდე მოგიყვანათ," - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ხედვამ, ძალისხმევამ და ფინანსურმა მხარდაჭერამ რეალობად აქცია პროექტი.
„დასასრულს, მადლობას ვუხდი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ ახალგაზრდების წარმატებაში. ასევე, დიდი მადლობა თქვენს ოჯახებს, რომლებიც დღესაც, ამ მნიშვნელოვან დღეს, თქვენ გვერდით არიან. განსაკუთრებით ღირებულია თქვენი ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რომლებსაც კურსდამთავრებულები თქვენგან მუდმივად გრძნობენ. და რა თქმა უნდა, გამორჩეული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომელთა ხედვამ, ძალისხმევამ და ფინანსურმა მხარდაჭერამ რეალობად აქცია ეს უნიკალური პროექტი. ისევე როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ბევრი სხვა შედეგი, დარწმუნებული ვარ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.
კურსდამთავრებულებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი ცხოვრების საუნივერსიტეტო ეტაპის დასრულებას. გააგრძელეთ წინსვლა. საქართველოს იმედი ხართ. თქვენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების პირველი ნაკადი ხართ და ამით უკვე შექმენით თქვენი და ამ უნივერსიტეტის ისტორია. ჩვენ გვჯერა თქვენი პოტენციალის. ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სწორედ თქვენი ხმა, იდეები და ხედვებია მნიშვნელოვანი.
ბედნიერება, იღბალი და წარმატება ყოფილიყოს თქვენი მეგზური ცხოვრების გზაზე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.