10-09-2024
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "Do IT with the EU" ფარგლებში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია, საქართველოში კვალიფიციური IT კადრების გადამზადება და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას გლობალურ ციფრულ ბაზარზე.
პროგრამა ღიაა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. იგი მოიცავს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად IT პროფესიებს და მიზნად ისახავს მონაწილეების გადამზადებას საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის, რაც ხელს შეუწყობს მონაწილეთა კარიერულ განვითარებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 1000 IT სპეციალისტს მიეცემა პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
სასწავლო პროცესი და სერტიფიცირება წარიმართება დისტანციურ ფორმატში 8 თვის განმავლობაში ინგლისურ ენაზე. პროგრამაზე ჩასარიცხად უცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია ვებ-პორტალზე doit.gov.ge, აირჩიოთ სასურველი ტრენინგ-კურსი, ჩააბაროთ შესაბამისი გამოცდა, რომელიც შედგენილია საერთაშორისო კომპანია TestGorilla-ს მიერ და შედეგების მიხედვით მოხვდეთ 1000 საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტს შორის.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სასწავლო პროგრამა, მოიცავს 32 მიმართულებას, მათ შორის: პროგრამირება, მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტის ინჟინერია, პროექტების მართვა, თამაშებისა და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი, კიბერუსაფრთხოება და სხვა. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს GITA-ს წარმატებულ "3000 IT სპეციალისტის უფასო გადამზადების პროგრამის" გაგრძელებას.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოხატონ ინტერესი და დარეგისტრირდნენ პროგრამაზე 2024 წლის 9 სექტემბრიდან 27 სექტემბრის 23:59 საათამდე (საქართველოს დროით) მოცემულ პორტალზე. თითოეულ კურსს აქვს პრერეკვიზიტი, რომელიც აპლიკანტმა რეგისტრაციამდე უნდა შეამოწმოს.
საერთაშორისო სერტიფიცირების პროგრამის ტრენინგ პროვაიდერი კომპანიაა New Horizons Bulgaria, რომელსაც მოპოვებული აქვს არაერთი ლოკალური თუ საერთაშორისო ჯილდო. იგი 20 წელზე მეტია, რაც მოღვაწეობს ევროპის ბაზარზე როგორც IT და ბიზნეს ტრენინგების ავტორიტეტული პროვაიდერი. პროექტის ადგილობრივი მხარდამჭერია “თბილისის კომუნიკაციის სკოლა”.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდაზე გასვლის ვაუჩერი და მოიპოვონ სერტიფიკატი ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციებისგან, როგორებიცაა Microsoft, Google, Amazon, Oracle, ISTQB და სხვა. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო IT ბაზარზე.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiri-sakartveloshi/
პროექტის შესახებ
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი "Do IT with the EU" მიზნად ისახავს საქართველოს IT სექტორის ტრანსფორმაციას მსოფლიო კლასის სტანდარტების შესაბამისად. ორი წლის განმავლობაში, 1,300-ზე მეტი მოქალაქე გაივლის ტრენინგს მოთხოვნად IT პროფესიებში. მათგან, 1,000 IT სპეციალისტი მიიღებს საერთაშორისო სერტიფიკატს, ხოლო 300 IT პროფესიონალს მიეცემა უნიკალური დასაქმების შესაძლებლობა. ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ციფრული ეკონომიკის ზრდას, წაახალისებს ინოვაციებს და შექმნის კონკურენტუნარიან IT სამუშაო ძალას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
თათია თათოშვილი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მარკეტინგის მენეჯერი, ttatoshvili@gita.gov.ge; +995 598 60 21 04