გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლევან დავითაშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ტინგ სუესიანგს შეხვდა

12-09-2024

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან, ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დინამიურად ვითარდება და ამ ურთიერთობის მაღალ ნიშნულზე შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მხრიდან გამოხატული მკაფიო მხარდაჭერა, მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებში თანამშრომლობის კუთხით" - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ტინგ სუესიანგთან შეხვედრის დროს განაცხადა.


ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო თავისი ხელსაყრელი მდებარეობით არამხოლოდ რეგიონული კავშირის ბენეფიციარია, არამედ აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს აზიასა და ევროპას შორის უფრო ეფექტური კავშირის დამყარებას.


„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებისა და გაძლიერებისათვის. შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია - ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ამის ერთ-ერთი მაგალითია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოტენციალს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. მისი შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც სავაჭრო ბრუნვის, მათ შორის, ექსპორტის, ასევე საინვესტიციო ნაკადების ზრდას ორ ქვეყანას შორის და თანამშრომლობის გაღრმავებას ტელეკომუნიკაციების, ფინანსური მომსახურების, ტურიზმისა და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებში.


„2023 წელს ჩინეთიდან განხორციელდა 98 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც 125%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ასევე ხაზგასასმელია, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის - გასულ წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით რეკორდულად გაიზარდა და ვფიქრობთ, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენების გაფართოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ტურისტულ ნაკადებს და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს" - განაცხადა მინისტრმა.


ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა აქცენტი გააკეთა ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შემდგომ გაძლიერებაზე. მისი თქმით, საქართველო მიესალმება ჩინელ ინვესტორებს, რათა მათ გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ლიბერალური სავაჭრო რეჟიმები თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად, მათ შორის სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, სტუმართმასპინძლობის, უძრავი ქონების, წარმოებისა და ენერგეტიკის სექტორებში.


საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ქართულ დელეგაციასთან ერთად პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ჩინეთის ვიცე-პრემიერთან გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, მინისტრის მოადგილეები: მარიამ ქვრივიშვილი, გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ.