13-09-2024
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კახეთში იმყოფება და რთველის მიმდინარეობის პროცესს ეცნობა.
„წელს კახეთში გამორჩეულად უხვი, რეკორდული მოსავალი გვაქვს, დაახლოებით 300 ათას ტონა მოსავალს ველოდებით. რთველის საკოორდინაციო შტაბი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული რთველის ორგანიზების პროცესში.
რქაწითლის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს; წელსაც ვაგრძელებთ რქაწითლის სუბსიდირებას. რქაწითლის ფასი 1 – 1.10 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება საფერავს, დღეის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ მეტი, 40 ათასი ტონა საფერავია გადამუშავებული. მევენახეების მხრიდან საფერავის ჩაბარების მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია. საფერავის უხვი მოსავალია, ამიტომაც სწრაფად ჩაბარების საჭიროება დადგა, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე არ გაუარესდეს ხარისხი და მევენახეებს მოსავალი არ გაუფუჭდეთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრა გაიმართა პრემიერ-მინისტრთან. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საწარმოს 10-მდე ლოკაციაზე უკვე დაწყებული აქვს საფერავის მიღება და მევენახეები 1 კილოგრამში 1,50 ლარს მიიღებენ.
„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ვისაც ამ ფასზე ნაკლებად აქვს საფერავი ჩაბარებული, მათაც დაუკომპენსირდებათ ეს თანხა 1,50 ლარის ფარგლებში. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჩვენი მევენახეებისთვის, რათა მათ დროულად და სწრაფად შეძლონ საფერავის ჩაბარება და სათანადო ანაზღაურება მიიღონ. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ მინისტრს.
ჩვენ წლებია ვეხმარებით მევენახეობა-მეღვინეობის სექტორს, სახელმწიფოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა ძალიან კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს გვაძლევს. ეს შედეგები ღვინის ექსპორტის, შემოსავლების და მოსავლის ზრდაშია გამოსახული. მოსავალი ამ წლების განმავლობაში 4-5-ჯერ გაიზარდა. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და ეს გადაწყვეტილებაც ამის ერთ-ერთი დასტურია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.