14-09-2024
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა თავისი ოჯახის წევრის შესახებ ნოდარ მელაძის შაბათის სიუჟეტს პასუხობს და სამარცხვინოს უწოდებს. როგორც ზარქუა იხსენებს, „ტვ პირველს“ ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე თვით ადრეც ჰქონდა მცდელობა და ახლა მორიგი მცდელობაა, რომ წინასაარჩევნოდ მას, მის ოჯახს და პარტიას ჩირქი მოსცხონ.
დეპუტატი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მისი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან და არცერთ ტენდერში არ ყოფილან. მისი თქმით კომპანია, რომელზეც სიუჟეტშია საუბარი, გაიყიდა. ზარქუა კომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს მიმართავს, სიმართლე თქვან, აქვთ თუ არა შეხება მასთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან.
ასევე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ ამ კომპანიით, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს რეალობა.
„არ ისვენებს შავი ნოდარა და ტვ „პირველი“ და მორიგი სიუჟეტი მომიძღვნეს, რომელიც გულისხმობს თითქოს, მე ვლობირებ ჩემს სიძეს და რაღაც ტენდერებში ვიღებ მონაწილეობას და თურმე ასე ვიგებ. კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩემი ოჯახის არცერთ წევრს შეხება არ აქვს სახელმწიფო შესყიდვასთან, არცერთ ტენდერში არ ყოფილან. კომპანია, რომელიც არის „ლაგი კაპიტალი“ გაიყიდა და მიყიდეს, თუ არ ვცდები არიან ძმები ბერძენიშვილები, ალეკო და ბესო.
მათი ერთ-ერთი მეუღლე არის ამ კომპანიის ხელმძღვანელი, 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ია რამიშვილი, ხოლო გენერალურ დირექტორად ჰყავთ დანიშნული დავით კვირიკაშვილი თუ კვირიკაძე. მეგობრებო, თქვენ მოგმართავთ, გამოდით და პოზიცია დააფიქსირეთ. სიმართლე თქვით რა და როგორ არის. რამე შეხება გაქვთ ან ჩემთან ან ჩემს ოჯახთან ან ჩემს სიძესთან?!- არანაირი. ამიტომ თქვენგან ველოდები [პასუხს].
ამავე დროს, მივმართავ შესაბამის უწყებებს. „ტვ პირველის“ სიუჟეტში საუბარია, რომ თურმე რაღაც ტენდერები მოიგეს და ვალდებულებას არ ასრულებენ. მე მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს დაინტერესდნენ ამ კომპანიით რასთან გვაქვს საქმე, რომ საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს რეალობა. კიდევ ერთხელ ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო ტენდერებში, ან სადაც ამ კომპანიამ გაიმარჯვა ამავე დროს შესაბამის უწყებებს, თუ გაქვთ რამე საფუძველი გთხოვთ დაინტერესდეთ და მიიღოთ შესაბამისი ცნობები ასრულებს თუ არა ტენდერით დაკისრებულ პირობებს და მოვალეობებს.
ამით კიდევ ერთხელ წერტილი დაესმება იმ უმსგავსობას, რასაც მელაძე და კომპანია ჩადის არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩვენი გუნდის წინააღმდეგ და ეგონა რომ გავატარებდი. არ გავატარებ. დღეს სამარცხვინო მორიგი ფეიკ ნიუსების ფეიერვერკი იქნება ტვ „პირველზე“, სადაც მე და ჩემი სიძე ვართ გამოყვანილი. კიდევ ერთხელ ყველა სტრუქტურას მოვუწოდებ დაინტერესდეს ამ თემით. გვარები ვთქვი ვინ არიან რას წარმოადგენენ და შესაბამისად, თუ რამე არის გადაცდომა დარწმუნებული ვარ შესაბამის ღონისძიებებს მიიღებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.