16-09-2024
ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის - Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა.
როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, Keepz-ის პრეცედენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად იმოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე, კონკურენტულ გარემოსა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდაზე ქვეყანაში.
„Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო. ასევე, პირველი ფინტექ კომპანიაა ბაზარზე, რომელიც გამოიყენებს თავის ბიზნესმოდელში გადახდის ინიციირებას ღია ბანკინგით, რაც შეამცირებს როგორც ხარჯებს, ისე შუამავლებს დღეს არსებული ტრადიციული გადახდის არხებთან შედარებით“, - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.
ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელიც ღია ბანკინგს ახლავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე სტარტაპები და დაინტერესებული პირები.