გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დავით ქართველიშვილი: მწამებელი მეგის ქარდავა ექსტრადირებამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა - 26 ოქტომბერს თუნდაც ეს საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად

17-09-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მეგის ქარდავას ექსტრადირებიდან 3 წლის თავზე სოციალურ ქსელში მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ ერთხელ მიმოიხილავს.


როგორც დავით ქართველიშვილი წერს, მწამებელი მეგის ქარდავა ექსტრადირებამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა და 26 ოქტომბერს თუნდაც ეს საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად.


„დღეს ზუსტად სამი წელი შეუსრულდა იმ „ოპერაციის“ დასრულებას, რომლის წარმატებით დაგვირგვინებაში მეც პატარა მონაწილეობა მაქვს მიღებული. 2021 წლის 17 სექტემბერს კიევიდან საქართველოში არა უბრალო ძებნილის, არა №1 ჯალათის, არამედ - სააკაშვილის რეჟიმის სავიზიტო ბარათის, მისგან ქვეყნის „უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის“ გამო, ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორგზის ორდენოსანის - მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა. ამ დღეს ელოდებოდა ნაცსექტაც, წინასწარ ამზადებდა სიუჟეტებს, ამუშავებდა ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართულობას, მეგის ქარდავასთვის „პოლიტიკური პატიმრის“ მანტიის შეკერვის მიზნით.


აი, რა ეწერა მეგის ქარდავაზე 2008 წელს იმდროინდელი ომბუდსმენის, სოზარ სუბარის ანგარიშებში: „კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება ადამიანთა წამება, წამების საქმეების არაეფექტური გამოძიება, ან გამოძიებაზე საერთოდ უარის თქმა. გამოძიებას დღემდე არაფერი გაუკეთებია 2008 წლის იანვარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ექიმ გოჩა ეხვაიას წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ გოჩა ეხვაიას წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მისი მოადგილე მეგის ქარდავა. ასევე, არ არის გამოძიებული საანგარიშო პერიოდში – 2008 წლის 17 აგვისტოს – ბათუმში, სერჟანტ როინ შავაძის წამებისა და მკვლელობის საქმე”.


მაშ, ვინ იყო მეგის ქარდავა? გავიხსენოთ ამ „ორდენოსანის“ შრომითი ბიოგრაფიიდან რამდენიმე ეპიზოდი: 2006 წელს იგი №7 საპყრობილის დირექტორი იყო, როდესაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პოსტი ბაჩო ახალაიას ეკავა. შემდეგ, 2007–2009 წ.წ. იგი შსს-ს სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. ამ დროს სამეგრელოს საოლქო პროკურორი, ბაჩო ახალაიას მამა – როლანდ ახალაია იყო, ხოლო შსს–ს კუდის უფროსის თანამდებობა ბაჩო ახალაიას ძმას – დათა ახალაიას ეკავა.


მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, მეგის ქარდავამ სამხედრო პოლიციის უფროსის პოსტი დაიკავა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბაჩო ახალაია შს მინისტრად დანიშნეს, მეგის ქარდავაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავიდა. 2011 წელს მეგის ქარდავას სახელი გლდანის ციხეში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის არაადამიანური წამებით მკვლელობის საქმესთან იყო დაკავშირებული. ამ საქმეზე თავის დროზე მიცემულ ჩვენებაში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „სერგო თეთრაძე ბაჩო ახალაიამ და მეგის ქარდავამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წამებით მოკლეს” და ამის გამო მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.


თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ამ პერიოდში ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, მეგის ქარდავა კი სამხედრო პოლიციას ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც შს მინისტრად ბაჩო ახალაია დაინიშნა, ამავე უწყებაში მან თან გაიყოლა მეგის ქარდავა. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მეგის ქარდავა ასევე მოხვდა ექსომბუდსმენ სოზარ სუბარის სხვა ანგარიშებშიც, რომლის ერთ–ერთ ეპიზოდში წერია: „ბრალდებულად დაკითხვისას პლატონ მამარდაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. მან აჩვენა, რომ ოთხი თვის წინ უარი განაცხადა კანონიერ ქურდობაზე. 2006 წლის 26 მარტს ის იმყოფებოდა თავის საკანში მალხაზ ზედელაშვილთან და წინა დღით მოსულ ნიკოლოზ მახარაძესთან ერთად, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა.


ღამით მორიგემ გაიყვანა დირექტორის კაბინეტში, სადაც დახვდა ბაჩო ახალაია, №7 საპყრობილის დირექტორი მეგის ქარდავა და კიდევ 15 ადამიანი, აქედან 5 იყო ნიღბიანი, ყველანი იყვნენ ავტომატური იარაღით შეიარაღებული, ოთახში შემოიყვანეს ვიბლიანი და ავალიანი. ამ დროს მეგის ქარდავამ პლატონ მამარდაშვილს მაკრატლით ამოაჭრა ერთი ბღუჯა თმა და ჩაუდო ჯიბეში, როდესაც პლატონ მამარდაშვილმა უთხრა, გეყოფა ამდენი დამცირებაო, იქვე მდგომმა ნიღბიანმა სახის არეში დაარტყა რკინიანი ხელი, რა დროსაც მოტყდა კბილი და ცხვირპირიდან წამოუვიდა სისხლი. დაინახა, რომ ხელკეტებს ურტყამდნენ ვიბლიანსაც და ავალიანსაც… დერეფანში აიძულეს ჩაკუზულიყო და ამ მდგომარეობაში მყოფს დაახლოებით 10 წუთი ურტყამდნენ ხელკეტებს. შემდეგ ლ. ცინდელიანთან ერთად გაიყვანეს ეზოში, სადაც მიწაზე ეყარნენ ვიბლიანი და ავალიანი. იქაც გააგრძელეს ცემა, რა დროსაც გაიგო პატიმრების ხმა, რომლებიც მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ ცემა. შემდეგ ოთხივენი გადაიყვანეს №7 საპყრობილეში, სადაც საერთოდ გააშიშვლეს და გააგრძელეს ცემა, რის შემდეგაც შიშვლები შეყარეს საკანში. პლატონ მამარდაშვილი უარყოფს ვინმესთან ბუნტზე და არეულობაზე საუბარს, აცხადებს, რომ არც არავისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და არც დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდებია. მისი აზრით, არეულობის და ხმაურის დაწყების მიზეზი გახდა პატიმრების ცემის ფაქტი სამკურნალო დაწესებულების ეზოში”.


მეგის ქარდავას ძალადობაში კიდევ ერთი პატიმარი, მალხაზ არქანიაც ღიად ადანაშაულებს. მალხაზ არქანია 2011 წლის 5 თებერვალს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა–შენახვისათვის დააკავეს ენგურის ხიდზე და მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა თავად არქანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მისგან წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სანაცვლოდ ცდილობდნენ აღიარებითი ჩვენების მოპოვებას, რომ თითქოს ის მონაწილეობდა 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში.მისი წამების თაობაზე მსჯავრდადებულმა მალხაზ არქანიამ 2011 წლის 22 ივნისს წერილობითი ახსნა-განმარტება დაწერა ექსომბუდსმენ გიორგი ტუღუშის სახელზე, რომელშიც ნათქვამია: “2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში. ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი”.


მალხაზ არქანია წერს, რომ ამის შემდეგ მან დაწერა აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც მოვლენები ასე განვითარდა: „ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ**ით, მაგის დედა ვატირე!”


მიუხედავად სოზარ სუბარის თუ გიორგი ტუღუშის ანგარიშებში მოყვანილი ფაქტებისა, მეგის ქარდავას 2006-2012 წ.წ. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან პრობლემა არასდროს არ შეჰქმნია. პირიქით, ის მუდმივად ინარჩუნებდა მაღალ თანამდებობებს ძალოვან უწყებებში. სრულად მის მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს რა ჩამოთვლის. ექსტრადიციამდე ბოლო რვა წლის განმავლობაში, ის ქართულ მართლმსაჯულებას თავისი პირადი მფარველის, მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით ემალებოდა, ძირითადად - უკრაინის ტერიტორიაზე. 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მისაღები გადაწყვეტილების დროს, თუნდაც ეს ერთი სტატუსი საკმარისი უნდა იყოს სწორი არჩევანის გასაკეთებლად“, - წერს დავით ქართველიშვილი.