17-09-2024
ჩვენ მოვახერხეთ ქვეყანაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნება და ჩვენი ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას ომი არ ჰქონია, ეს არის მიღწევა, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში იყო ქვეყანაში სტაბილურობის შერყევის ორი მცდელობა. გახსოვთ, რა ხდებოდა 2021 წელს, როდესაც ხელოვნურად შეიქმნა კრიზისი, ოპოზიცია არ შემოდიოდა პარლამენტში და ერთ წელი გვაცხოვრეს ამ ხელოვნური კრიზისის ქვეშ. ეს კრიზისი დასრულდა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც მმართველმა პარტიამ გადალახა 43-პროცენტიანი ბარიერი. მხოლოდ ამის შემდეგ დასრულდა საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, თუმცა ასეთი პროცესები ყველა შემთხვევაში არის შემაფერხებელი ფაქტორი ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ამიტომ მომავალში ასეთი მოვლენების პრევენციაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანაში რევოლუციური პროცესების განვითარების ხელოვნური მცდელობა იყო 2022 წლის ივნისში, როდესაც გაიმართა აქციები მთავრობის გადადგომის და ე.წ. ტექნიკური მთავრობის ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით.
„ეს მცდელობა რომ წარმატებული ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პროცესები სწორი მიმართულებით არ განვითარდებოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა შემთხვევაში მოვახერხეთ სტაბილურობის შენარჩუნება და სწორედ ამან მოგვცა ის შედეგები, რაზეც ვსაუბრობთ - 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის ზრდა ამ ოთხი წლის განმავლობაში. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო ძლიერი იქნებოდა ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმული, რომ არა ასეთი არასწორი პროცესები, რაც ხელოვნურად განვითარდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.