17-09-2024
„მინდა საზოგადოებას შევახსენო „ხალხის ძალის“ წერილი, რომელიც ამა წლის 10 ივნისს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური ძალა დაინახავდა, რომ არჩევნებზე 5% ბარიერის გადალახვის შანსი „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნებოდა და აუცილებლად მოინდომებდა რომელიმე პოლიტიკური ფიგურებისა და პარტიების შერწყმას, რომ როგორმე გადაელახათ 5% ბარიერი,“ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას გაერთიანება უცხოეთში გადაწყდა და მაჭანკლობა სალომე ზურაბიშვილს დაევალა.
„მინდა საზოგადოებას შევახსენო „ხალხის ძალის“ წერილი, რომელიც ამა წლის 10 ივნისს გამოვაქვეყნეთ. ჩვენ ვამბობდით, რომ უცხოური ძალა დაინახავდა, რომ არჩევნებზე 5% ბარიერის გადალახვის შანსი „ნაცმოძრაობის“ გარდა სხვა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნებოდა და აუცილებლად მოინდომებდა რომელიმე პოლიტიკური ფიგურებისა და პარტიების შერწყმას, რომ როგორმე გადაელახათ 5% ბარიერი. ჩვენი ეს ნათქვამი აღსრულდა გუშინ. საზოგადოებამ დაინახა, რომ გამოაგორეს სალომე ზურაბიშვილი და ათქმევინეს მათი გაერთიანების აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ლანძღავდა გახარიას და პირიქით, აუცილებელია ამ ბავშვების პოლიტიკური ქორწინება. მაჭანკლობა დაევალა სალომე ზურაბიშვილს. მართალია შვილები თანახმა არ არიან, მაგრამ მშობლებმა, უცხოეთში გადაწყვიტეს, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა უნდა დაქორწინდეს. ეს ის სიმართლეა, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამის შეხსენება მინდოდა ხალხისთვის. არ გამოუვა არაფერი, აუცილებლად დაკარგავს ორივე პოლიტიკური ძალა ხმებს. გახარიას მომხრე კარგად ხედავს, რომ ხაზარაძის გარდა, იქ კიდევ არის სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობიდან“, ალეკო ელისაშვილი და სხვა მრავალნი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.