18-09-2024
21-29 სექტემბერს თელავში, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელსაც წარმოგიდგენთ კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი და მაგთი.
წელს ფესტივალი ეძღვნება თელავის ფესტივალის დაარსებიდან მე-40 წლისთავს.
მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ასევე გამოჩენილი მუსიკოსები - მევიოლინე სვეტლინ რუსევი, პიანისტი ანდრეა ლუკეზინი, ფლეიტისტი არიელ ცუკერმანი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, თელავის ქალთა კამერული გუნდი - ქორმაისტერი სოლომონ გოგილაშვილი, ოპერის კამერატა - კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და ოპერის კამერატას უდირიჟორებს ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი.
საიუბილეო ფესტივალის 22 სექტემბრის ღონისძიებებს თიბისი წარმოგიდგენთ. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზნობრივი ჯგუფია ახალი თაობა, რომელთათვის ყოველ წელს იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები - კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის, პროფესიული ზრდის, ახალი სახელების გამოვლენის მიზნით.
22 სექტემებერს თელავის ისტორიული მუზეუმის ამფითეატრში 15:00 სთ-ზე გაიმართება ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის თოჯინური ოპერა-სპექტაკლი „სევილიელი დალაქი“ (რეჟ.: ბესო კუპრეიშვილი) და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული თეატრის დიდ სცენაზე 18.00 სთ-ზე ახალგაზრდა მუსიკოსების გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას იღებენ საქართველოს წამყვანი სამუსიკო სასწავლებლების (თბილისი, თელავი, ქუთაისი) ნიჭიერი მოსწავლეები და სტუდენტები.
კონცერტში მონაწილეობას იღებს ცოტნე ზედგენიძე, რომლის ერთ-ერთი პირველი სოლო კონცერტი გაიმართა ფესტივალზე (2018).